ახალი შემთხვევების მატების გამო, სვანეთში რეგულაციები ამოქმედდება - ეკატერინე ტიკარაძე

10 აგვისტო 2020, 12:26 1449 ნახვა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.

მესტიაში უკვე მუშაობს ეპიდემიოლოგების 5 ბრიგადა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგულაციები ამ მომენტისთვის ამოქმედდება სვანეთში, თუმცა კონკრეტულად რა რეგულაციას გულისხმობდა მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

"რეგულაციები ამ მომენტისთვის ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები ჩაშლით ჩვენ არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ გამკაცრებები გვქონდეს ქვეყნის მასშტაბით. გაგრძელდება მიზნობრივი ტესტირება, მეტად გაფართოები და მივყვებით დასახულ გეგმას.

სვანეთში უკვე იმყოფება ეპიდემიოლოგების 5 ბრიგადა, რომლებიც დეტალურად აწარმოებენ კვლევებს.

დაუდგენელი პირველწყარო ამ ეტაპზე არ არსებობს, ჩვენ ვეძებთ იმ ინფიცირებული პაციენტების სავარაუდო კონტაქტებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ სავარაუდო გადამტანები.

მობილიზებულია რუხის საავადმყოფო, სადაც შესაძლებელია პაციენტების განთავსება. საჭიროების შემთხვევაში დამატებით რესურსად გამოიყოფა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისისა და თბილისის საავადმყოფოები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ქმედებები იყო დაწყებული საკმაოდ დროულად ჩვენ არა გვაქვს მოლოდინი, რომ იქნება მაღალი რისკი პაციენტების"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

არსებული ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია. მათ ვირუსი ლენჯერში სტუმრად ჩასული ადამიანისგან გადაედოთ.

 

 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში