ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში გიდების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტებისთვის პრეს-ინფოტურები იწყება.
ახალი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით გასვლით ტურები აგვისტოდან დაიწყება.
კინტრიშის ხეობა, ტბიყელი, ჯვარიმინდორი, კაპნისთავი, ლელთის ტბა, ჩირუხი, შუამთის ტბები, ღორჯომი, უჩხო და ნამეფვარი იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, სადაც ინფოტურის მონაწილეები იმოგზაურებენ და იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან. საველე გასვლებისას ისინი იმ საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და მარნებს მოინახულებენ, რომელთა მარკირებაც წელს ხორციელდება.
უწყების ცნობით, შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და ახალი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, ცნობილი ქართველი ბლოგერები და ინფლუენსერი მთიანაჭარაში მოგზაურობენ. მალე პროექტში უკვე ფოტოგრაფები და კულინარებიც ჩაერთვებიან.
გასულ წელს, რეგიონში 500-მდე უცხოელმა და ქართველმა ჟურნალისტმა, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა და გიდმა იმოგზაურა.