''რადისონ ბლუ ბათუმის'' ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ერთ-ერთ სტუმარს covid-19 აღმოაჩნდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. საუბარია ყაზახეთიდან ჩამოსულ ვიზიტორზე.
შაბათს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ცნობილი გახდა, რომ სასტუმროს ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოქალაქეები გვიყვებოდნენ, რომ სასტუმროს ორი სართული კარანტინში იყო. ჩვენ ინფორმაციის გადამოწმება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ვცადეთ, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
დღეს, 23 ივლისს, რადისონის გენერალურმა დირექტორმა ფიქრეთ იუქსელმა განაცხადა, რომ ვიზიტორმა კოვიდზე ტესტი საკუთარ ქვეყანაშიც ჩაიტარა, მოგვიანებით აეროპორტში და მხოლოდ მესამე ცდაზე, სასტუმროში ყოფნის დროს დაუფიქსირდა კორონავირუსი. ის ამბობს, რომ ადგილზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
''სასტუმრო ადასტურებს ერთ დადებით შემთხვევას, ვიზიტორმა გადმოკვეთა საზღვარი, საზღვრის კვეთამდე თავის ქვეყანაში ჩაიტარა კორონავირუსზე ტესტი და იყო უარყოფითი. აეროპორტშიც ჩაიტარა და ასევე უარყოფითი იყო. სასტუმროში შემოსვლის და რეგისტრაციის შემდეგ, განმეორებითმა ტესტმა აჩვენა დადებითი შედეგი. შესაბამის სამსახურებს ვაცნობეთ და მოხდება ამ ადამიანის გაყვანა. ადგილზე იყვნენ დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლები. სასტუმროში რამდენი დღე ცხოვრობდა, ვერ გეტყვით და კონფიდენციალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით'' - განაცხადა სასტუმროს დირექტორმა.
დღეს აჭარის მაუწყებელი ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე უწყებაში კომენტარი არ გაკეთებულა.