გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, დღევანდელ გამოცდაზე მომატებული ტემპერატურა ხუთ აბიტურიენტს დაუფიქსირდა.
სოფიო გორგოძის თქმით, აბიტურიენტები სარეზერვო სექტორში მოათავსეს.
„დღეს ისტორიის გამოცდა მიმდინარეობს ორ სესიად. უკვე დასრულდა პირველი სესია და მალე დაიწყება მეორე. საბედნიეროდ, მეორე სესიაზე აბიტურიენტებს, განსაკუთრებით თბილისში, მაღალი ტემპერატურა არ შეაწუხებთ. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს ხუთი შემთხვევა, როცა დაფიქსირდა ტემპერატურა.
ეს აბიტურიენტები სარეზერვო სექტორში განვათავსეთ. ეს სარეზერვო სექტორი არის სწორედ იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც ტემპერატურა დაუფიქსირდა.
შემდეგ გამოცდაზე მათ მოუწევთ ტესტის წარდგენა, რომ არ აქვთ „კოვიდ-19“, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 94%-ზე მეტი გამოცხადდა. დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, გასწორების პროცესი ყველა პროცედურის შესაბამისად დაიწყო. შედეგების გამოქვეყნება, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.
ფოტო:არქივი