სოციალური აგენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გამაფრთხილებელ აქციას მართავენ და გაფიცვისთვის ემზადებიან. მათ სამინისტროსთან 10 მოთხოვნა აქვთ, რომელთა ნაწილი ისევ ხელფასებსა, ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ეხება, ნაწილი კი პანდემიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას. 2019 წლის 25 მარტს ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი გაიფიცა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვდნენ.
2 აპრილს სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ პრობლემური საკითხების ნაწილზე შეთანხმდნენ. მათ შორის, ტრანსპორტირებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე, თუმცა ვერ შეთანხმდნენ ხელფასის მატებაზე.
სოციალური აგენტების მიერ დაანონსებულ გაფიცვას იემსი ეხმიანება და საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვასა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობაზე პასუხისმგებელი უწყება, უარს ამბობს საკუთარი დასაქმებულებისთვის ბაზისური შრომითი პირობების შექმნაზე და ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების სამართლიან და სწორ გარემოს.