ავიაკომპანია SkyUp Airlines უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლებას პირველი ივლისიდან გეგმავს. ავიაკომპანია აპირებს საერთაშორისო რეისები თავდაპირველად საქართველოსა და ალბანეთის მიმართულებით დაიწყოს. ფრენების აღდგენის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემები აქვეყნებენ.
კომპანიის გვერდზე თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ბილეთების წინასწარი გაყიდვა უკვე დაწყებულია. თბილისის რეისზე პირველსა და ორ რიცხვში ბილეთები არ იძებნება, სამი ივლისიდან კი დაჯავშნა შესაძლებელია.
ფრენები ბორისპოლის აეროპორტიდან განხორციელდება.
რაც შეეხება ბათუმს. საიტზე ბილეთის შეძენა პირველ ივლისსაც არის შესაძლებელი. მგზავრობის საფასური 199 დოლარია. დაახლოებით 5 დღეში უკან დაბრუნება კი ორჯერ უფრო იაფი -- 77 დოლარი ჯდება.
ბილეთების ყიდვამდე ავიაკომპანია რეკომენდაციას აძლევს მგზავრებს, გაეცნოს იმ ქვეყნების მოთხოვნებს, სადაც მიემგზავრებიან და ასევე დარწმუნდნენ, რომ მათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია აქვთ. თუ მგზავრი შეიძენს ბილეთს ფრენა კი ვერ განხორციელდება, მისი ანაზღაურება მოხდება.
აჭარის მაუწყებელი ავიაციის სააგენტოსაც დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებენ და საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
საქართველოს მთავრობა დაასახელებს იმ ქვეყნებს, რომლებთანაც საჰაერო სივრცე გაიხსნება.
დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს წარმატებული მოლაპარაკებები ჰქონდა პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ისრაელსა და ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოსთან, თუმცა შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის და საერთაშორისო საზღვრების გახსნის გარკვეული პერიოდით გადავადება გადაწყვიტეს.
'' საქართველო ყურადღებით ეცნობა ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს, რომლის ფარგლებში პირველ ეტაპზე მხოლოდ შიდა საზღვრები გაიხსნა, ხოლო სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეთანხმება მიღწეული არ არის და შესაბამის გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობამ უკვე გამოაქვეყნა რეგულაციები, რომელსაც აეროპორტები უნდა აკმაყოფილებდნენ.
საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს გაიხსნა, საერთაშორისო ვიზიტორების მიღება კი 1 ივლისიდან იგეგმება.