საქართველოში დღეიდან შიდა ტურიზმი გაიხსნა

15 ივნისი 2020, 10:22 2594 ნახვა

დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. სასტუმროებისა და რესტორნების მეპატრონეებს სპეციალური რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. ფუნქციონირებას მხოლოდ ის სასტუმროების შეძლებენ, რომლებიც სპეციალური შემოწმების შემდეგ შესაბამისს ნებართვას მიიღებენ.

დღეიდან ვიზიტორებისთვის იხსნება დაცული ტერიტორიებიც.

შიდა ტურიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.  ბათუმის მერის განმარტებით, ბათუმი მზად არის ვიზიტორების მისაღებად.

"ბათუმის მუნიციპალური ზედამხედველობის ინსპექცია, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად რეგულარულად აწარმოებს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროების, რესტორნების, ღია და დახურული აუზების, კაფე-ბარებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მონიტორინგს. მოგიწოდებთ როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის მეპატრონეებს, ასევე მოქალაქეებს მაქსიმალურად დავიცვათ დაწესებული რეგულაციები, რათა შევძლოთ როგორც დღემდე, ისევე მომავალში ეფექტურად ვმართოთ ეს პროცესები და შევინარჩუნოთ იმ "მწვანე ქალაქის" სტატუსი, რომელიც ახლახან მოგვენიჭა. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ათი ქალაქიდან ორი ქალაქი თბილისი და ბათუმია ამ სტატუსის მატარებელი.

დღეის მდგომარეობით უკვე 100-ზე მეტი ობიექტია შემოწმებული სასტუმროების, ღია და დახურული აუზების კუთხით. 240-ზე მეტი ობიექტია შემოწმებული სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების  მიმართულებით. მე მინდა ვთხოვო ზედამხედველობის ინსპექციას გაამკაცროს კონტროლი ხმაურის მატებაზე ქალაქში, ჩვენ გვყავს მონიტორინგის ჯგუფი და აუცილებელია ყურადღება იქნეს მიქცეული ამ მიმართულებაზე"-განაცხადა ლაშა კომახიძემ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში