ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჭერი ჩამოინგრა

05 ივნისი 2020, 12:56 4079 ნახვა

ბათუმში, ზაქარია ფალიაშვილის #13 სახლის ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს ოთახში ასაკოვანი ქალი იმყოფებოდა, სახლში იყვნენ ოჯახის სხვა წევრებიც. 

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ორი ოჯახი დროებით სასტუმროში გადაიყვანეს.

აღნიშნულ სახლში ბოლო 4 წელია ერთ-ერთი ოჯახი ქირით ცხოვრობს. ხათუნა ცხოიძე ყვება, რომ ობიექტი ავარიულია და ამის შესახებ ბათუმის მერიაში იციან. 

"ღმერთს მადლობა გადავრჩით, დედაჩემი იყო ოთახში, მე და ჩემი შვილები სამზარეულოში ვიყავით. ძლიერი ხმაური გავიგეთ, მივხვდით, რომ რაღაცა ჩამოინგრა. გამოვედით გარეთ და კარები ვეღარ გავაღეთ. დედაჩემი იყო ოთახში ჩარჩენილი, გამოსვლას ვერ ახერხებდა. ჭერი იყო ჩამონგრეული. დედაჩემს მცირედი დაზიანებები აქვს, სტკივა ხელი, ფეხი.

სახლი ავარიულია, ვცხოვრობთ დაახლოებით 4 წელია. ისტორიული სახლი არ არის, უბრალოდ ავარიულია და ამის შესახებ მერია საქმის კურსშია. 5 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ ვართ დარჩენილი, ვითხოვთ სადმე ქირით გაგვიყვანონ" - აცხადებს ხათუნა ცხოიძე აჭარის მაუწყებელთან.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ობიექტს შესაბამისი კომისია შეისწავლის და რის შედმეგაც ოჯახების დახმარების საკითხი გადაწყდება. 

მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, სახლი ნამდვილად ავარიული და არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც.

"გუშინ ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე ფალიაშვილის 13 ნომერში საცხოვრებელი სახლის ჭერი ჩამოიშალა. ეს სახლი ავარიული იყო, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს. 2 ოჯახი გადაყვანილია სასტუმროში. სპეციალური კომისია გაეცნობა იქ შექმნილ სიტუაციას, რის შემდეგადაც მოხდება მათი დახმარება.

მოცემულ სახლს ძეგლის სტატუსი არ აქვს. ეს ოჯახები სასტუმროებში დარჩებიან მანამ, სანამ კომისია მუშაობას არ დაასრულებს. სახლები დაყოფილია კატეგორიების მიხედვით, რომლებიც მაქსიმალურად სასწრაფოდ გასაკეთებელია, მათ უპირველეს ყოვლისა ვაკეთებთ"- განაცხადა მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ირაკლი დევაძემ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი