თურქეთში სამკურნალოდ წასასვლელად ვიზა დაგჭირდებათ - საელჩო 

02 ივნისი 2020, 17:22 6312 ნახვა

თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, მეზობელ ქვეყანაში სამკურნალოდ წასვლის მსურველი მოქალაქეები გამგზავრებას ვიზის აღების შემთხვევაში შეძლებენ. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ​

''თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩამოსვლის მსურველმა საქართველოს მოქალაქემ, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -“USHAŞ” მიერ გაცემული ნებართვის შემდეგ, უნდა მიმართოს თბილისში ან ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის საკონსულო სამსახურს მიზნობრივი ვიზის მისაღებად'' - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

22 მაისს ძალაში შევიდა თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტროს გადაწყვეტილება, 31 ქვეყნის პაციენტებისთვის, მათ შორის ქართველებისთვის თურქეთის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით.

საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პირველ რიგში, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა უნდა მიმართოს თურქეთის შესაბამის კლინიკას, სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მიზნით. 

პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის თურქულ კლინიკასთან ერთად უნდა გაიაროს რეგისტრაცია თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -“USHAŞ” მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე: https://covid19st.ushas.com.tr/ და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია. 

ნებართვის მიღების შემდეგ, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის კლინიკასთან ერთად უნდა დაგეგმოს ტრანსპორტირების საკითხი (აუცილებელია, რომ პაციენტისა და მისი თანხმლები პირის ტრანსპორტირება განხორციელდეს საავტომობილო ან საჰაერო რეანომობილით).

საელჩოს ინფორმაციით, პაციენტთან ერთად დაიშვება მხოლოდ 2 თანმხლები პირი.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი