ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს, სოსო გაბრიაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებული სამართალდამცავისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. სამართალდამცავებმა პოლიციელი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე არაპირდაპირი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.