აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღეს ბათუმში კორონავირუსზე ჩატარებული 16 ტესტის პასუხი უარყოფითია. ნინო ნიჟარაძის თქმით, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტიდან COVID-19 არცერთს არ დაუდასტურდა.
"დღეს ველოდებოდით 16 პირის ლაბორატორიულ შედეგს, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა ცხელების კლინიკებიდან. 16-ის პასუხი გახლავთ უარყოფითი. დადებითი შემთხვევა დღეის მდგომარეობით ჯერ -ჯერობით არ დაგვმატებია" - აცხადებს ნინო ნიჟარაძე
მისივე ინფორმაციით, ხვალ 50-მდე პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან, რომლებიც ქობულეთის კლასტერს და საკარანტინე ზონას მიეკუთვნებიან.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს ქობულეთში 2300-მდე პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან საყურადღებოა ოთხი შემთხვევა. მოქალაქეები მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
საერთო ჯამში, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით 470 კონტაქტია გამოვლენილი. 34-ს კი კორონავირუსი დაუდასტურდა.