აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება

03 დეკემბერი 2024, 19:26 153 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის დემონსტრანტის ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანის საჭიროება არ დგას, ხოლო თუკი ამის საჭიროება დადგება, მას თავად სახელმწიფო მიხედავს.

ამასთან, სარჯველაძის თქმით, კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და საჭიროა სათანადო დონეზე შესწავლა-გარკვევა, რათა არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩეს.

„მას თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება გაეწია. უკლებლივ ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია. შეინიშნება პოზიტიური დინამიკა.

ახლო მომავალში სრულფასოვანი სურათი გვექნება, რომლის შედეგადაც შეგვეძლება ვთქვათ, რომ მის ჯანმრთელობას არავითარი პრობლემა არ გააჩნია.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, როდესაც ის კონკრეტულმა პირებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მიიყვანეს, თვითონ პაციენტმა განაცხადა, რომ მან დაზიანება შუშხუნა ფეიერვერკის აფეთქების შედეგად მიიღო. „მთლიანად თუ მისი ნაწილი მომხვდაო“ - ასეთი იყო მისი განცხადება.

რა, როგორ არის, ეს გაირკვევა და პასუხგაუცემელი არ დარჩება. მისი ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ბიძის იოსებ ჩანადირის თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, ახალგაზრდას წარბის არეში “გაზის კაფსულა“ მოხვდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში