ევროპაში კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა ნიშნულმა მილიონს გადააჭარბა, თუმცა არის დამაიმედებელი ნიშნები იმისა, რომ პანდემია თანდათანობით იკლებს. ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა, დაღუპულთა რიცხვი კი 21 ათას უახლოვდება.
გასულ დღე-ღამეში ვირუსით ინფიცირების ათას 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ლეტალურად კი 399 შემთხვევა დასრულდა. ესპანეთში საკარანტინო რეჟიმი ისევ მოქმედებს. ბრიტანეთში ამჟამად დაავადების 120 ათასი და ლეტალური 16 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.
გაერთიანებულ სამეფოშიც ჯერჯერობით იზოლაციის რეჟიმის გაუქმებას არ აპირებენ. საფრანგეთის ხელისუფლებამ მოსახლეობა უკვე გააფრთხილა, რომ ახალ პირობებში ცხოვრება საკარანტინო ზომების ეტაპობრივი გაუქმების ფონზე მოუწევთ, რომელიც 11 მაისამდე მოქმედებს. საფრანგეთში ინფიცირებულთა რიცხვი 152 ათას აღემატება, დაღუპულთა რიცხვი კი 20 ათას უახლოვდება.
ავსტრიისა და გერმანიის მთავრობები ევროპაში პირველები დააბრუნებენ თავიანთ ქვეყნებს ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმში. ოფიციალურმა ვენამ უკვე გახსნა მაღაზიები, ჯერჯერობით პატარები, ხოლო კონკრეტულ პროგრამას იმისა, თუ როგორ განახლდება პოს-ეპიდემიურ ეპოქაში ქვეყნის ცხოვრება, მთავრობა აპრილის ბოლოს გამოაქვეყნებს. ანალოგიური სიტუაციაა გერმანიაში, სადაც ძირითადი საკარანტინო ზომების მოხსნა 4 მაისიდან დაიწყება.