აჭარაში კორონავირუსი კიდევ 4 პირს დაუდასტურდა, მათ შორის ერთი ქობულეთის კლასტერიდანაა

18 აპრილი 2020, 11:13 5504 ნახვა

აჭარაში კორონავირუსი კიდევ 4 პირს დაუდასტურდა. ოთხივე ახალი შემთხვევა კარანტინში იმყოფებოდა. მათგან ერთი ქობულეთის კლასტრეს მიეკუთვნება. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

"დღეს დილის მონაცემებით დაგვემატა 4 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. ოთხივე გახლავთ საკარანტინო სივრციდან, მაგრამ ერთი ქობულეთის კლასტერიდან. რომელიც 8 აპრილიდან იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში. გუშინ დაეწყო ჩივილები დანარჩენი სამი თურქეთთან კავშირში მყოფი პირები არიან. ოთხივეს მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი. ინფიცირებულები კლინიკა "მედალფაში" აგრძელებენ მკურნალობას. დღეის მდგომარეობით აჭარაში არის 41 ჰოსპიტალური შემთხვევა, მათგან 33 არის ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქობულეთის  კლასტერთან კონტაქტირებული პირების რაოდენობა არის 481 მათგან 230 პირთან ლაბორატორიული კვლევა ჩატარებულია და 33 ვირუსი დაუდასტურდა. მისივე თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე და ქობულეთში არ ფიქსირდება ისეთი შემთხვევა, რომლებიც აქამდე ცნობილი არეალიდან არ არიან.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, არის მოლოდინი რომ შემთხვევათა რაოდენობა გაიზრდება და შემდეგი კვირა იყოს ძალიან კრიტიკული.

"არის მოლოდინი, რომ ჩვენ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზარდოს. ეს ზრდა რა თქმა უნდა დაკავშირებული იქნება უკონტროლო ზრდასთანაც, მაგრამ თუ ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან იმ საკითხს, რომ ნაკლებად გავლენ ქუჩაში, ნაკლებად ექნებათ ერთმანეთთან კომუნიკაცია ეს რისკები იქნება უფრო იშვიათი. შესაძლოა შემდეგი კვირა გვქონდეს ძალიან კრიტიკული"-განაცხადა აჭარის ჯანდცვის მინისტრის მოადგილემ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დღეს კიდე 15 პირს დაუდასტრდა, ქვეყანაში სულ ამ ეტაპზე 385 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 84, მათ შორის გარდაცვლილი - 3.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში