ბოლნისში ინფიცირებული სასულიერო პირის გამო, რომელიც სიმპტომების გამოვლენამდე საეკლესიო ღვთისმსახურებას აღავლენდა, მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა რამდენიმე უბანი ჩაეკეტა.
პრემიერ მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვის მატების გამო, ზომები მკაცრდება. მისი თქმით, ადგილზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო.
''მარნეული და ბოლნისი უკვე დიდი ხანია გამოცხადებულია საკარანტინო ზონად. იმის გამო, რომ იქ გავრცელების პატარ- პატარა კერები იჩენდა თავს. ადგილები გამოვყავით, საიდანაც მოქალაქეებს გასვლა აეკრძალათ. პირველი ასეთი იყო ქვედა ბოლნისი, რამაც შედეგი მოგვცა და იქ 6 ინფიცირებულის მეტი არ გვყოლია, შემდეგი იყო სავანეთი, სადაც მაჩვენებლი ხუთზე გაჩერდა.
დრეს კი მივიღეთ გადაწყვეტილება ჩაიკეტოს ქალაქი ბოლნისი და რაჭისუბანი. ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. მათ შორის არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. რადგან ექიმებსა და ექთნებს უხდებათ ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, ამიტომ გაჩნდა მოსაზრება ხომ არ არის ვირუსი ფართოდ გავრცელებული. დავიწყეთ მოსახლეობის აქტიური სკრინინგი და შემოწმება. გვსურს ბოლომდე აღმოვფხვრათ ყველა კერა და ინფიცირებულები გადავიყვანოთ კლინიკებში.
მოსახლეობა ზუსტად იცავს კარანტინის პირობებს. ბოლნისში და რაჭისუბანში მოქალაქეები გარეთ არ დადიან. ბოლნისი არის ყველაზე დაზიანებული რეგიონი, ინფიცირებულთა რიცხვმა 47 მიაღწია'' - თქვა ბრიფინგზე სოზარ სუბარმა.
განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყების ცნობით, ქალაქ ბოლნისის და სოფელ რაჭისუბანის შესასვლელებსა და გასასვლელებში 5 დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო.
საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.