დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას უჩერებს

15 აპრილი 2020, 14:39 2137 ნახვა

მსოფლიო კოვიდ-19-ის სწრაფი გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.  ახალი კორონავირუსი უკვე ორ მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 127 ათასზე მეტი. ყველაზე მეტი მსხვერპლი აშშ-ია.

 ქვეყანა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სისწრაფითაც  ლიდერობს.   აშშ-ში  ბოლო დღე-ღამეში ორი ათას 228 ადამიანი   გარდაიცვალა.  ლეტალურ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 25 ათას 757-ია. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება მანამ შეწყვეტა, სანამ ვაშინგტონი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კრიზისზე ჯანმოს რეაგირების საკითხს არ შეისწავლის.  

ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმის გამო, რომ მან  დროულად და სათანადოდ არ მოახდინა  ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიაზე რეაგირება და არ მისცა ამერიკის ხელისუფლებას ოპერატიული რეკომენდაციები.

ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. პეკინის განცხადებით,  პანდემია კრიტიკულ ზღვარზეა და ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერების შესახებ, მთელ მსოფლიოს დააზარალებს.

ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა გაეროს გენერალურმა მდივანმაც. ანტონიო გუტერიშმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჯანმოში საწევროს გადახდის შეჩერების დრო არ არის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი