სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები, შესაძლებლობის ფარგლებში დისტანციურ მუშაობაზე უნდა გადავიდნენ - გახარია

12 მარტი 2020, 10:27 2992 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის რეკომენდაციით, სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორი, შესაძლებლობის ფარგლებში, დისტანციური შრომის პირობებზე უნდა გადავიდეს. 

გიორგი გახარიას განმარტებით, ამ ნაბიჯმა მთავრობის ეფექტურ მუშაოაბს ხელი არ უნდა შეუშალოს. 

„საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში, გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი. ასეთი რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას”, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გამკაცრდა საზღვრის კვეთის პროცედურები. გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავტრიიდან ჩამოსულ მგზავრებს 14 კარანტინში მოუწევთ ყოფნა. 

''მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით ჩვენ ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი. ეს გამოწვევები, როგორც ჩანს, ყოველდღიურად გაიზრდება და ვალდებულნი ვართ, შესაბამისად, ვიყოთ მზად ამ გამოწვევებზე საპასუხოდ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, ბავშვებზე და, რა თქმა უნდა, ერთმანეთზე. მთავრობის ყველა ორგანო, 24 საათის განმავლობაში, გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე. განსაკუთრებით ეს ეხება ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების და იუსტიციის სამინისტროებს, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოს საზღვრებზე.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ გვყავს 24 ინფიცირებული და ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროტოკოლურ ღონისძიებებს ახორციელებს ამ ადამიანების განკურნებისთვის, თუმცა, ამავე დროს დადგენილია საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც ჰქონდა კავშირი ამ ადამიანებთან და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის ერთიანობის და ეფექტური მოქმედებების დრო,“- აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი