ბათუმში კორონავირუსზე საეჭვო სამი შემთხვევის შესახებ ამ დრომდე არ არის ლუგარის ლაბორატორიის პასუხები ცნობილი. ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ლაბორატორიის დასკვნას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი საღამოს 8 საათისთვის გააჟღერებს. სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე კომენტარი არ გაკეთებულა და ამბობენ, რომ პაციენტები მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. აჭარაში, გონიოში გახსნილ საკარანტინო ზონაში სულ 30 ადამიანია მოთავსებული.
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გაძლიერებულია კონტროლის მექანიზმები როგორც სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ასევე აეროპორტში. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, განთავსებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარავი, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.
გუშინ ერთი საეჭვო პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში სწორედ სარფის საბაჟო პუნქტიდან გადაიყვანეს. ორმა მოქალაქემ კი მედიკოსებს თვითდინებით მიმართეს. ბათუმში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.