ჯანმრთელობისთვის საშიში საღებავი სამ საწებელში აღმოჩნდა - momxmarebeli.ge

05 მარტი 2020, 16:56 3063 ნახვა

momxmarebeli.ge მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ სუდანის ჯგუფის საღებავები კიდევ სამ პროდუქციაში აღმოაჩინეს. კვლევის ნიმუშები გერმანიაში იყო გადაგზავნილი, პასუხი კი რამდენიმე დღის წინ მიიღეს. 36-დან სამი პროდუქტის ნიმუშში საღებავი „სუდან 1“ აღმოჩნდა.

სხვადსხვა დასახელების პროდუქცია ​თბილისის მაღაზიაში შეიძინეს. შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი. 

სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას. 

ორგანიზაციის ინფორმაციით ეს პროდუქტებია: „ხათოს აფხაზური აჯიკა“, აჯიკა Waime! (ვაიმე), ტომატის საწებელი ცხარე “სუპრემო”.

''ანალოგიური კვლევა 2019 წლის ზაფხულშიც ჩავატარეთ, რის შედეგადაც არასაკვები საღებავები 42 ნიმუშიდან 6-ში აღმოჩნდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) ჩვენს მიერ გამოკვლეული სურსათის დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. წითელი წიწაკის მიმწოდებლებთან სეს-მა ნიმუშები აიღო და ლაბორატორიულად გამოიკვლია, რის შედეგადაც 10-დან 9 ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. აქედან 7 ნიმუში იმპორტირებული იყო, ხოლო 2-ის წარმომავლობა ვერ დადგინდა. სურსათის დაბინძურებული პარტიები გამოთხოვილ იქნა ბაზრიდან და მათი გაყიდვა აიკრძალა. ამავე დროს, საფრთხის შესამცირებლად, სეს-მა გამოსცა ბრძანება წითელი წიწაკის იმპორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე (განვითარებადი ქვეყნებიდან) წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში სურსათის პარტია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

უფრო ვრცლად: https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6720?fbclid=IwAR0e8rB_5vLUUMaYZ_Rc1EnQc48kDgGnTGAFZRMUdHxsK_T-VSuKtgH1VBY

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი