კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ

04 მარტი 2020, 15:50 1490 ნახვა

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ.

ცნობის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია სამინისტროს info@moh.gov.ge მიმართოს.

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას განმარტებით, ცნობის გაცემა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ მოხდება.

„მოგეხსენებათ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში ხორციელდება ეფექტური პრევენციული ღონისძიებები, რაც გულისხმობს კონტაქტში მყოფი პირების იზოლაციაში მოთავსებას. იგულისხმება, როგორც თვითიზოლაცია, ასევე საკარანტინო სივრცეებში მოთავსება. ვინაიდან ამ პირებს შორის არის ბევრი დასაქმებული და ექმნებათ გარკვეული პრობლემები, ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ამ პირებისთვის, სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, საავადმყოფო ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალის დოკუმენტის გაცემას. აღნიშნულის საფუძველზე მათ სრულად ექნებათ შესაძლებლობა, რომ აუნაზღაურდეთ განაცდური დღეების საფასური. სამინისტროს მონიტორინგის სამსახური ჩართულია, როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირების, ასევე საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირების დაკვირვების პროცესში და ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავცეთ ეს ცნობა“, - აღნიშნა ეკატერინე ადამიამ.

ამ ეტაპზე კორონავირუსი საქართველოში სამ პაციენტს აქვს. მედიკოსები 9 პაციენტის ანალიზის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღებენ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობასა და დაკვირვებას 20-მდე პაციენტი განაგრძობს. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში