ბათუმის მერია გეგმავს, ზაფხულის სეზონის დაწყებამდე, ორ ცენტრალურ ქუჩაზე - ზ. გამსახურდიასა და ნინოშვილზე ფასიანი, საათობრივი პარკირების სისტემა აამოქმედოს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მძღოლს აღნიშნულ ქუჩებზე ავტომობილის ერთი საათით გაჩერებისთვის ერთი ლარის გადახდა მოუწევთ.
საპილოტე პროგრამის განხორციელება ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორ ქუჩაზე იგეგმება, მანამდე კი ზონალური პარკირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
''სტრატეგიულ დოკუმენტში, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა, წერია, რომ გარეუბნებში იქნება პარკირების სხვა ტარიფი, ცენტრალურ ნაწილში სხვა. პრინციპი შემდეგია, სადაც უფრო მაღალია მოთხოვნა, იქ ფასიც შესაბამისად უფრო მაღალი უნდა იყოს. ერთ-ერთ ვარიანტად საწყის ეტაპზე უნდა მოისინჯოს ფასი: ერთი საათი ერთი ლარი, ქალაქის ცენტრალურ და ყველაზე მოთხოვნად ნაწილში. დაკვირვების შემდეგ კორექტირება შესაძლებელია'', - უთხრა აჭარის მაუწყებელს პროექტის ხელმძღვანელმა, ლაშა ნაკაშიძემ.
ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ კონკრეტული ქუჩის მცხოვრებლებს პარკირებისთვის, დამატებითი შეღავათები დღის განმავლობაშიც ექნებათ, თუმცა დეტალები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის. ცნობილია, რომ მათთვის ავტომობილის ერთი საათით გაჩერება ერთი ლარი არ ეღირება.
მძღოლები პარკირების საფასურის გადახდას, აპარატების გარდა, მობილური აპლიკაციითაც შეძლებენ. ბათუმის მერია გეგმავს თბილისის მერიის გამოცდილება გაიზიაროს და ზონალურ-საათობრივი პარკირება მობაილ აპლიკაცია დანერგოს.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] ფარგლებში ხორციელდება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბათუმში პარკირების გადასახადი გაიზარდა. ქალაქში მანქანის გაჩერება, წლიურად 40-ის ნაცვლად, 60 ლარი ეღირება.