ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს. უწყების ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე ვრცელდება.
ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე პროდუქტის შესაბამისობის შეფასებასა და დოკუმენტაციის შედგენას, რომელიც ადასტურებს სათამაშოს უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას. იგულისხმება სათამაშოების როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები – რამდენად ბასრია სათამაშო, მცირე ზომისაა და ა.შ.
სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო პროდუქციას გააკონტროლებს, როგორც შემოტანის დროს, ასევე მაღაზიებსა და ბაზრობებზე. უწყების თანამშრომლები სათამაშოების შესაბამისობას შეადარებენ დადგენილ მოთხოვნებთან და გასცემენ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულება სავალდებულო 2021 წლიდან იქნება.
''მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სათამაშოების მექანიკური და ქიმიური შემოწმებისთვის შესაბამისი ლაბორატორიების არარსებობა საქართველოში. ნიმუშების გაგზავნა სააგენტოს მოუწევს უცხოეთის აკრედიტებულ ლაბორატორიებში.
უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განხორციელდება აღსრულებითი ზომები, რომელთა სიმკაცრე დამოკიდებულია აღმოჩენილი შეუსაბამობით გამოწვეული პოტენციურ საფრთხის ზომაზე და მოიცავს სხვადასხვა სანქციებს, მათ შორის მითითებას, რეალიზაციის შეჩერებას, პროდუქტის ამოღებას, გამოთხოვას, ასევე განადგურებას იმ შემთხვევებში, თუ სათამაშო შეიცავს საშიშ ქიმიურ მინარევებს,''- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.