თორნიკე რიჟვაძე რუსულ ინვესტიციებზე - საფრთხეს ეროვნულ ინტერესებთან ვერ ვხედავთ

28 იანვარი 2020, 16:36 2251 ნახვა

აჭარის მთავრობა ამბობს, რომ რეგიონის საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს აჭარბებს, მიმდინარე წლის გეგმა კი 6 მილიარდია. ფაქტია, რომ აჭარაში, განსაკუთრებით კი ბათუმში ინვესტიციების მნიშვნელოვანი წილი სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებზე მოდის. 

უფრო კონკრეტულად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიწოდებული სტატისტიკური მონაცემებით -  40 კომპანია, რომელმაც საინვესტიციო პორტფელი შეადგინა 2019 წელს, ძირითადად სამშენებლო კომპანიებისგან შედგება. ეს კომპანიები ქალაქში სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს (ნაწილობრივ ბინებს, ნაწილობრივ სასტუმროებს)  ან საცხოვრებელ ბინებს აშენებენ.

გასულ წელს გამოცემა ''ფორბსი'' წერდა, რომ ბათუმში 2018-დან 2019 წლამდე 22 752 ბინა აშენდა. როგორც გამოცემა წერს, ბათუმი საქართველოში სიდიდით მესამე ქალაქი და პოპულარული შავი ზღვის კურორტია. 

აღსანიშნავია, რომ  ყოველწლიურად აგებულ ახალ კორპუსებში საცხოვრებელ ფართებს, ძირითადად უცხოელები ყიდულობენ, განსაკუთრებით კი ქალაქის ცენტრში და ზღვისპირა ზოლში.  ბათუმში მომუშავე ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანიების მარკეტინგული გათვლაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეა, რადგან სანაპირო ზოლში ბინების ღირებულება ძალიან მაღალია. 

მიგრაციის საკითხებში სამთავრობო კომისიის სტატისტიკურ მონაცემებით, ბოლო ოთხ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტი უძრავი ქონება უცხოელებს შორის რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს (40%),  უფრო კონკრეტულად კი, ბოლო წლებში რუსებმა საქართველოში 15 000 მეტი სახლი და მიწის ნაკვეთი შეიძინეს. 5 598 ირანელებმა, შემდეგ პოზიციაზე კი არის, უკრაინა, სომხეთი და თურქეთი. 

უძრავი ქონების შესყიდვის გარდა, რეგიონში პირდაპირი რუსული ინვესტიციაც გამოჩნდა.  "გაზეთ  'ბათუმელების'' ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენია 4 მილიარდიდან რუსული ინვესტიცია აჭარაში, თორნიკე რიჟვაძე კონკრეტულად არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ რაღაც წილი რუსული არის, თუმცა არა 50%-ი.  

ხედავს თუ არა მთავრობა საფრთხეს, როცა რეგიონში უცხოური ინვესტიციების დაახლოებით ნახევარზე მეტი რუსულია? – ჰკითხა თორნიკე რიჟვაძეს ჟურნალისტმა. 

„ეს არ არის სწორი. ამიტომ რა თქმა უნდა ამ ფორმატში, ამ კონტექსტში გამიჭირდება გიპასუხოთ და გამოგყვეთ მსჯელობაში"… უპასუხა მთავრობის თავმჯდომარემ. 

"რა თქმა უნდა, ნაწილი არის, მაგრამ იმაზე მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე თქვენ დაასახელეთ. შესაძლოა იყოს, თუნდაც იგივე შესაბამისი მყიდველები რუსეთიდან, მაგრამ ჯამში ეს არის საკმაოდ დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი. ამიტომ, ამ ნაწილში, ჩვენ განსაკუთრებულ საფრთხეს ეროვნულ ინტერესებთან და ეკონომიკასთან ვერ ვხედავთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე ფიქრობს, რომ საფრთხეები სხვა ფორმატში განსახილველი საკითხია:  ''არ მინდა რომ ამაზე სპეკულაციები იყოს. ამოცანა ხომ ის არის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, უნდა გვყავდეს რეპუტაციული ინვესტორები რეგიონში, ეს ყველაფერი კი სახეზეა. არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ინვესტიციებთან და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით ეს პოლიტიკური განსჯის საგანი გახდეს. ძალიან სიფრთხილით უნდა მოვექცეთ ყველანი ამ საკითხს,'' - უთხრა ჟურნალისტს მთავრობის თავმჯდომარემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი