კანადაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პირი, რომელსაც დაავადების სიმპტომები გამოუვლინდა, ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაბრუნდა, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ახალი ტიპის ვირუსით ჩინეთში, უკვე 56 ადამიანი დაიღუპა. დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 2, 000 ადამიანს მიაღწია, აქედან 1,975 შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა.
ჰონგ-კონგში სკოლები 17 თებერვლამდე დაიხურება. ამასთან, ქალაქში გამოცხადებული ჯანდაცვის „სერიოზული“ მდგომარეობა „საგანგებოთი“ შეცვალეს. სხვადასხვა ქვეყანაში კი დაინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს.აღსანიშნავია, რომ აშშ, საფრანგეთი და იორდანია ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩარტერული ავიარეისების საშუალებით საკუთარი მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია სურთ რუსეთს, სამხრეთ კორეასა და გაერთიანებულ სამეფოსაც.დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.