ტელეკომპანია "კავკასიამ" მაყურებლისგან შემოწირულობების მიღება დაიწყო. ტელეკომპანიამ საკუთარი ანგარიში და განცხადება "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: რომ 2020 წელი ქართული მედიისთვის რთული იქნება, და ხელისუფლება ყველა ხერხს მიმართავს უკონტროლო მედიის გასანადგურებლად, მათ შორის ფინანსურ ბერკეტებს, რაც რეალურად დამოუკიდებელი მედიისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.
არ ვაპირებთ პრობლემებთან შეგუებას და ვთვლით, რომ დღეს ძლიერი, რეალურად დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალების არსებობა უმნიშვნელოვანესია. თქვენმა მხარდაჭერამ რთულ პერიოდში გადაგვაწყვეტინა მივმართოთ გზას, რომელიც აქამდე არასოდეს გამოგვიყენებია: ნათქვამია განცხადებაში, ტელეკომპანიამ ფინანსურ პრობლემებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით დეკემბრის ბოლოს რამდენიმე არხის, მათ შორის "კავკასიის" ანგარიშებს ინკასო დაედო.
კომპანიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, მიმდინარე გადასახადების გადახდა სპეციალურად, პროტესტის ნიშნად მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ "რუსთავი 2"–ს, "მაესტროს" და "იმედს" ბიუჯეტის დავალიანება 55 მილიონი ლარი აქვს და მათ დაფარვას არავინ თხოვს.
ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პროცესი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, ყოველგვარი ფორმალური საფუძვლის გარეშე იმართება და ხელისუფლება აპირებს მისი გავლენის ქვეშ მყოფ არხებს დავალიანება ათი წლით გადაუვადოს, რაც ფაქტობრივად ჩუქებას ნიშნავს.