24 წლის კაცის მკვლელობის საქმეში, მეორე პირის მონაწილეობას გამოძიება ადგენს - პროკურორი

07 იანვარი 2020, 18:14 2712 ნახვა

24 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული პირი სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში რჩება, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლემ მიიღო.

თბილისში, 2 იანვარსს, 24 წლის მამაკაცი ქუჩაში ნაცემი იპოვეს. გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ჩხუბი სასაფლაოზე მოხდა, სადაც მოკლული და მისი 21 წლის ძმა იმყოფებოდნენ. ყვება, რომ უმცროსმა ძმამ გაქცევა მოახერხა. ამტკიცებს, რომ შსს-ს სპეცრაზმელებმა 24 წლის მურადი წურწუმია აწამეს და სხვა უბანში, ქუჩაში დააგდეს. გარდაცვლილს დაზიანებული აქვს თვალი და თავის ქალა.

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ 2 იანვარს, ჩხუბში მონაწილეობას ორი პირი იღებდა, თუმცა ცემისა და მკვლელობის ბრალდებით მხოლოდ ერთი სპეცრაზმელი დააკავეს. სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა საქმის პროკურორი, რომელსაც ჟურნალისტებმა ინციდენტში მონაწილე მეორე პირზე დაუსვეს შეკითხვები. 

პროკურორი დავით გუმბერიძე ამბობს, რომ გამოძიება ხელს არავის აფარებს და დეტალური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, თუ რა ბრალი მიუძღვის მეორე პირს ამ პროცესში.

“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ჩვენი პოზიცია სასამართლომ გაიზიარა. მოგეხსენებათ, რომ ასევე ბრალდებულიც დაეთანხმა ჩვენს მიერ დაყენებულ შუამდგომლობას. საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნა პატიმრობა ამ პირის მიმართ. ასევე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაზარალებულის ოჯახს არ დარჩეს რაიმე ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პირი თავისი თანამდებობით ან სამსახურებრივი მდგომარეობით რაიმე ზემოქმედებას მოახდენს გამოძიებაზე.

მოგეხსენებათ, რომ შემთხვევა მოხდა 2020 წლის 2 იანვარს, გვიან ღამის საათებში. შესაბამისად, ამ საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო 3 იანვარს და ბრალდებული დაკავებული იქნა 5 იანვარს უკვე დილის საათებში. მოგეხსენებათ, რომ ამ საქმეზე 5 იანვრის მდგომარეობით ჩატარებული იქნა 60-მდე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება და 48 საათის განმავლობაში ეს არის ის საკმაოდ მძიმე სამუშაო, რაც გამოძიებამ ამ საქმეზე გაწია და ყველა დეტალი იქნა გამოკვლეული და შესწავლილი. 60-ვე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება შეეხებოდა უშუალოდ ფაქტის გახსნის მცდელობას და აქ არანაირ დაფარვას ან დამალვას, რაიმე ფაქტის უგულვებელყოფას საგამოძიებო ორგანოს მხრიდან, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

ხოლო რაც შეეხება უშუალოდ საქმეში მონაწილე ფიგურანტ მეორე პირს, დღეის მდგომარეობითაც, რა თქმა უნდა, ამ საქმეზე გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ჩვენ რა თქმა უნდა, ისევე როგორც დაზარალებულ ოჯახს, ასევე, საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ძალიან მალე. ეს არის ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მე გამოძიებიდან გამომდინარე უნდა ვისაუბრო, შესაბამისად, ამ ფაქტებს, ამ გარემოებებს შესწავლა სჭირდება. არ იქნება სწორი, რომ პროკურორმა ახლა ასე საჯაროდ გააკეთოს განცხადება და განმარტება კონკრეტულად ამ პირი როლთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ყველა პირის მოქმედება დეტალურად იქნება შესწავლილი და ძალიან მალე დაზარალებული ოჯახი საგამოძიებო ორგანოდან მიიღებს პასუხს კონკრეტულად ამ საქმესთან მიმართებაში.

ამ საქმეზე გარდაცვლილის ძმა, მოგეხსენებათ რომ გუშინ ჩვენ ვცანით დაზარალებულად. კონკრეტულად წარმოდგენილ ბრალდებაში რაზეც ჩვენ ბრალდებულს ბრალი წარვუდგინეთ, სწორედ მასზე განხორციელებული ცემა და ძალადობაც იქნა გათვალისწინებული და ამ კუთხითაც ბრალდება დამძიმებული იქნა ბრალდებულის მიმართ. რაც შეეხება მეორე პირს, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, მე არ ვაპირებ ამ ეტაპზე დეტალურად იმაზე საუბარს თუ რა მოქმედებებს ასრულებდა ეს პირი კონკრეტულად შემთხვევის დროს. ამას რა თქმა უნდა გამოძიება შეაფასებს სრულყოფილი გამოძიების ჩატარების შემდგომ და ეს სრულყოფილი გამოძიება ამ პირთან მიმართებაში ჩატარდება ძალიან მალე, მოქმედება პირის არის თუ არა დანაშაულებრივი ამ გარემოებებზე საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ გამომდინარე იქიდან, რომ შეჯამების, შეფასების შემდგომ ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებთ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება გპირდებით რომ იქნება ძალიან მალე. თქვენ გინდათ, რომ მე საჯაროდ გავაჟღერო გამოძიების პირველადი შედეგები და გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიება აქტიურ ფაზაშია, მიმაჩნია, რომ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს, ამიტომ დაელოდეთ ჩვენგან შესაბამის განმარტებებს ძალიან მალე" - აცხადებს პროკურორი. .

ამავე თემაზე: 24 წლის მოკლული კაცის საქმეზე, სადაც ბრადებული შსს თანამშრომელია, პროკურატურა განმარტებებს აკეთებს

 

თბილისში, 2 იანვარსს, 24 წლის მამაკაცი ქუჩაში ნაცემი იპოვეს - ინფორმაციას "მთავარი არხი'' ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბლაგვი საგნით სასტიკად ნაცემი მურად წურწუმია ქუჩაში, მეორე დილით იპოვეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ''მთავარი არხთან'' ინტერვიუში გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ჩხუბი სასაფლაოზე მოხდა, სადაც მოკლული და მისი 21 წლის ძმა იმყოფებოდნენ. ყვება, რომ უმცროსმა ძმამ გაქცევა მოახერხა. ამტკიცებს, რომ შსს-ს სპეცრაზმელებმა 24 წლის მურადი წურწუმია აწამეს და სხვა უბანში, ქუჩაში დააგდეს. 

''მთავარ არხთან'' კომენტარს აკეთებს ინციდენტის მონაწილე, გარდაცვლილი მურად წურწუმიას ძმაც, ის ვერ იხსენებს რატომ დაიწყო ჩხუბი, თუმცა ახსოვს, რომ სასაფლაოსთან ორი პირი იმყოფებოდა, ვისთანაც იჩხუბეს.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საქმე კი პროკურატურას გადაეცა. უწყებაში არ ადასტურებენ დაკავებული არის თუ არა სპეცრაზმელი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: 126 -ე პირველი პრიმა მუხლის "გ" ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ცემასა და ძალადობას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით სიცოცხლის მოსპობას და ადამიანის მოტაცებას გულისხმობს.

ოჯახის წევრები კი ირწმუნებიან, რომ ინციდენტში არა ერთი, არამდე ორი პირი მონაწილეობდა და ითხოვენ ყველა დამნაშავე პირი დაისაჯოს. ფიქრობენ, რომ შესაძლოა სპეცრაზმელს ხელს აფარებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი