გრიპის სეზონი დაიწყო და დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. გრიპის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრების, ყელის ტკივილი და სურდო.
გრიპით ყოველწლიურად ავად მილიონობით ადამიანი ხდება. სეზონური გრიპის ეპიდემიებს, როგორც წესი, ადგილი აქვს შემოდგომის ბოლოსა და ზამთარში.
როგორ დაიცვათ თავი და გარშემომყოფნი გრიპისგან. წაიკითხეთ სპეციალისტების რამდენიმე რჩევა
ჩაიტარეთ აცრები
გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია - ყველაზე ეფექტური საშუალებაა დაიცვათ თავი დაავადებისგან და მისი პოტენციური გართულებებისგან.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა ვაქცინაცია - ორსულობის ვადის მიუხედავად.
აცრები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის 6 თვიდან 5 წლამდე ასაკში, ხანდაზმულთათვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირთათვის და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთათვის.
გახსოვდეთ: აცრის შედეგად გრიპით დაავადება შეუძლებელია. დისკომფორტი ან ტემპერატურის უმნიშვნელო მატება ვაქცინაციის შემდგომ - სრულიად ნორმალური მოვლენაა, რაც ჩვეულებრივ 1-2 დღეში გაივლის.
რეგულარულად დაიბანეთ ხელები
სუფთა ხელები ხელს უწყობს მრავალი ინფექციური დაავადების პროფილაქტიკას, გრიპის ჩათვლით. ხელის ჰიგიენის დაცვა - საკუთარი და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი გზაა.
რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით, გულმოდგინეთ გაიმშრალეთ ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცით. თუ წყალი და საპონი ხელმიუწვდომელია, შეიძლება ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ანტისეპტიური საშუალებების გამოყენება.
გახსოვდეთ: ხელების სწორად დაბანას არანაკლებ 15-20 წამი ჭირდება.
ნუ შეეხებით ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს
თვალები, ცხვირი და პირი - გრიპის ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის ყველაზე სავარაუდო გზაა.
შესუნთქულ ჰაერში გრიპის გამომწვევის არსებობის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ შეამციროთ დაავადების რისკი თუ არ შეეხებით ხელებით სახეს.
თუ ეს ძალიან საჭიროა, თვალებს, პირსა და ცხვირს სეეხეთ ერთჯერადი ცხვირსახოცით ან წინასწარ საპნით დაბანილი ხელებით.
მოერიდეთ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს
გრიპი გადამდებია. ის ადვილად ვრცელდება ადამიანთა თავშეყრის ადგილებში, მაგ.: სამოქალაქო ტრანსპორტში, სასწავლო დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებში და მასობრივი ღონისძიებების დროს.
როდესაც გრიპით დაავადებული აცემინებს ან ახველებს, ვირუსის შემცველი მიკროსკოპული ნაწილაკები მიმოიფრქვევა ერთი მეტრის რადიუსში და აინფიცირებს მათ, ვინც შეისუნთქავს მათ შემცველ ნაწილაკებს.
თუ ავად ხართ - დარჩით სახლში
თუ გრიპით ხართ ავად, თქვენ საფრთხეს უქმნით ირგვლივმყოფთ.
განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ისეთი ქრონიკული დაავადების მქონენი როგორიცაა კიბო, გულის დაავადებები, აივ ინფიცირებულები.
ირგვლიმყოფებთა კონტაქტების დროული შეზღუდვის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის გრიპის შემდგომ გავრცელებას და შესაძლოა გადაარჩინოს ვინმეს სიცოცხლე.