ბათუმის მერია და მუსლიმი თემი ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს 

09 დეკემბერი 2019, 14:09 1775 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე გადაწყვეტილება 30 სექტემბერს მიიღო, მშენებლობაზე მუნიციპალიტეტის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია. ბათუმის მერიამ სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. 

ორგანიზაციები, რომლებიც მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ, ამბობენ რომ მერია პროცესების გაჭიანურება ცდილობს. 

''ბათუმის მერიის მხრიდან გადაწყვეტილების გასაჩივრება აჩვენებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არათუ არ გამოხატავს ნებას, აღასრულოს სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება და უზრუნველყოს დისკრიმინაციული მოპყრობით დარღვეული უფლების დროული და ეფექტიანი აღდგენა, არამედ დავის მექანიზმების გამოყენებით ხელოვნურად ცდილობს პროცესის გაჭიანურებას და შეფერხებას. ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო აღრმავებს უთანასწორობისა და უსამართლობის აღქმას მუსლიმ თემში და წინააღმდეგობაში მოდის ინკლუზიური და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეასთან'' - წერია განცხადებაში, რომელსაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ავრცელებენ.

უფრო ვრცლად ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ წაიკითხეთ განცხადებაში:

''ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა 2019 წლის 4 დეკემბერს ასევე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ის მერიისთვის მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გამოცემის დავალდებულებაზე უარის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და მშენებლობის ნებართვის პირველ სტადიაზე ბათუმის მერიისთვის შესაბამისი აქტების გამოცემის პირდაპირ დავალდებულებას ითხოვს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის სპეციალურ (ზონალური) შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ“ და „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებების კანონიერება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბრის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებით უკანონოდ სცნო აღნიშნული ბრძანებები და დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები მათი გაუქმებისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მესამე მოთხოვნა, რომელიც დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრის მიზნით, ბათუმის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ აქტების გამოცემის დავალდებულებას უკავშირდებოდა. ამ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტა მერიის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება და მერიას ხელახლა უნდა ემსჯელა სადავო აქტების გამოცემასთან დაკავშირებით.

სასამართლომ ყოველმხრივ და სრულად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და დისკრიმინაციულ მოპყრობად მიიჩნია ის გარემოება, რომ იმ ზონაში, სადაც მოსარჩელეს მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარი უთხრეს, საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ განაშენიანებულ კვარტლებში შვიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა განთავსებული, მათგან სამი - ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ უფლების შეზღუდვის დროს, რელიგიურ გაერთიანებათა დიფერენციაცია შეუძლებელია გამართლდეს რაიმე სახის ლეგიტიმური მიზნით და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას წარმოადგენს. ამ ვითარებაში კი დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრის ერთადერთი გზა ჩვენი შეფასებით, მერიისთვის შესაბამისი აქტის (მშენებლობის ნებართვის პირველი სტადია) გამოცემის დავალება უნდა ყოფილიყო.

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ მერიის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობა არ შემოიფარგლება მხოლოდ მოთხოვნილი აქტების გამოცემაზე უარის შესახებ ერთჯერადი აქტის გამოცემით, არამედ დისკრიმინაციული მოპყრობა განგრძობადად მიმდინარეობს სამშენებლო ნებართვის შესაბამისი აქტების გაუცემლობით. მართალია, სასამართლომ ბათილად სცნო ბათუმის მერიის უკანონო აქტები, თუმცა ფონდის სასარგებლოდ სამშენებლო ნებართვის გაუცემლობის შედეგები არ აღმოფხვრა და არ დაავალა მოპასუხეს მათი გამოცემა. რის გამოც, მოსარჩელის მიმართ რეალური შედეგი ფაქტობრივად კვლავაც ვერ დადგა, რითაც მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს არსებითი ზიანი კვლავ ადგება.

ბათუმის მერიის მხრიდან გადაწყვეტილების გასაჩივრება აჩვენებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არათუ არ გამოხატავს ნებას, აღასრულოს სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება და უზრუნველყოს დისკრიმინაციული მოპყრობით დარღვეული უფლების დროული და ეფექტიანი აღდგენა, არამედ დავის მექანიზმების გამოყენებით ხელოვნურად ცდილობს პროცესის გაჭიანურებას და შეფერხებას. ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო აღრმავებს უთანასწორობისა და უსამართლობის აღქმას მუსლიმ თემში და წინააღმდეგობაში მოდის ინკლუზიური და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეასთან'' - წერია ENC მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი