''საჯარო სკოლებში წამლებს რომ არიგებენ ჭიისაო და უზმოზე დალიეთო!!! ნორმალურები თუ ხართ თქვენ? ან რა წამალია ან ანოტაცია, ან ინფორმაცია წინასწარ მშობლებს მიაწოდეთ. იცის ვინმემ ახლა ეს რა პრეპარატია და რას გამოიწვევს? ჭიების წამლები ზოგადად ფრთხილად ინიშნება. თქვენ ასე უპასუხისმგებლოდ რომ შეყარეთ სკოლებში და ინდაურებივით აყლაპიებთ ბავშვებს ნორმალურები თუ ხართ საერთოდ?!!! - სტატუსი სოციალურ ქსელში პირველი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელმა დაწერა.
მესამეკლასელი მოსწავლის მამა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვება, რომ მედიკამენტის მიღების შესახებ მშობლები არავის გაუფრთხილებია. წამალი გოგონას სკოლიდან ანოტაციის და შეფუთვის გარეშე, ფურცელში გახვეული გამოატანეს.
პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე ამბობს, რომ მშობლის ხელმოწერის და თანხმობის გარეშე მედიკამენტის გაცემა არ ხდება, საკითხს დიდი სიფრთხილით ეკიდება და რამდენიმე მშობელთან პირადადაც ჰქონია კომუნიკაცია.
''რამდენიმეს მე პირადად გადავუგზავნე ფოტო და წამლის ანოტაცია. მედიკამენტის გატანების დროს, როგორც აფთიაქებშია, ისეთივე პატარა ზომის პარკში ვათავსებდით. ვწუხვარ თუ რამე გაუგებრობა მოხდა. ფაქტს აუცილებლად გადავამოწმებ კლასის დამრიგებელთან. ბავშვების ჯანმრთელობისთვის ვაკეთებთ ამას, არ მინდა პროცესს ზიანი მიადგეს'' - გვითხრა ნატალია მგელაძემ.
აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში კი ამბობენ, რომ წამლის მიღება მშობელთან შეთანხმებით და მისი თანხმობით უნდა მოხდეს. პრეპარატის მიწოდებამდე კი, სკოლის ადმინისტრაციამ ისინი უნდა გააფრთხილოს. თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ მის შვილს ჭიის წამალი ესაჭიროება, ანოტაციას გააცნობენ, ტელეფონის ნომერს ჩაინიშნავენ და ხელმოწერის შემდეგ მედიკამენტს მიაწვდიან.
''წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 30 000 აბი ''ვერმოქსი'' გადმოაგზავნა. შემდეგ რესურსცენტრებს დავუკავშირდით, მოგვაწოდეს 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა. ამის მიხედვით განაწილდა მთელ აჭარაში. წესი ასეთია: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი სკოლაში მიდის და მიაქვს მედიკამენტი, ანოტაციით. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი ძირითადად სკოლებში და ბაღებში კრებები ჩატარდა და მშობლებს მიაწოდეს ინფორმაცია. მედიკამენტის მიწოდების ფორმა ითვალისწინებს ბავშვის საპასპორტო მონაცემების ჩაწერას, მშობლის ტელეფონის ნომერს და ხელწერას. რაც შეეხება მედიკამენტს, ის უსაფრთხოა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა მოწოდებული. გვერდითი მოვლენები მინიმალურია'', - გვითხრეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
უწყებაში ასევე ამბობენ, რომ მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში მოზარდები გამოიკვლიეს. დაახლოებით 7-8 %-ში ჭია დაფიქსირდა.
პროგრამა პირველად 2008 წელს განხორციელდა, მომდევნო წლებში იყო ჩავარდნები და მედიკამენტს მოსწავლეებს პერიოდულად აწვდიდნენ. ცენტრში ამბობენ, რომ წელს რეგიონში საკმარისი რაოდენობის წამალი მიიღეს. მათივე განმარტებით, მშობლების ნაწილი პრეპარატზე უარს ამბობს, რადგან ბავშვებს მკურნალობის კურსი უკვე ჩატარებული აქვთ.