აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ხმაურია. აქციას თუთუნის მწარმოებლები მართავენ. ისინი მთავრობის სახლთან ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
აქციის მონაწიელებმა გამსახურდიას ქუჩაზე საავტომობილო ნაწილი გადაკეტეს.
ადგილზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი და სამართალდამცველები იმყოფებიან. ისინი აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
აჭარის მთვრობაში აქციის მონაწილეებს 10 კაციანი სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზეს, თუმცა ისინი შეთავაზებას არ დათანხმდნენ. აქციის მონაწილეები მთავრობის აპარატის წევრების გარეთ გამოსვლას და კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ. მათ აინტერესებთ უშუამდგომლებს თუ არა მთავრობა საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან.
თუთუნის მწარმოებლები მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
მოგვიანებით მათ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი შეხვდა. არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
"მიმდინარეობს კონსულტაციები, უახლოეს პერიოდში იქნება ხელშესახები ცვლილებები. კონკრეტულად ეს ერთ დღეში იქნება თუ ერთ საათში ჯერ ვერ გეტყვით"- განუმარტა აქციის მონაწილეებს მთავრობის აპარატის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა.
აქციის მონაწილეები იმ პირობით დაიშალენ, რომ აჭარის მთავრობიდან 21 ნოემბრამდე კონკრეტულ პასუხს მიიღებენ, შეძლებენ თუ არა ისინი თამბაქოს გაყიდვის უფლებას.
ქედის, შუახევისა და ხულოს მკვიდრები თუთუნზე აქციზის დაწესებას და რეგულაციების გამკაცრებას აპროტესტებენ. აქცია რამდენიმე დღის წინ ქედაშიც გაიმართა. ისინი ხელისუფლებას გამონაკლისის დაშვებას სთხოვენ. მაშინ ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ რეგულაციები ყველასთვის ერთნაირად ამოქმედდება და ცვლილებები არ იგეგმება.