მე თუ არა, ვინ უნდა იდგეს აქ? - მაკო გომურმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს მიმართა.
„მაშინ ზუსტად მემორიალის გვერდით ვიყავი და იყო სრულიად ცარიელი გარემო. აქ [პარლამენტის შენობასთან] იდგნენ ის ჯალათები და მე ვიდექი იქ. სრულიად ცარიელ ქუჩაში მომხვდა ტყვია. გუშინ მეტროში ბიჭები მომიახლოვდნენ და მითხრეს, შენ იმ ადგილზე, იმ აქციაზე არ უნდა იდგე, იქ რა გინდაო. იქ ვერ ვუპასუხე, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა აქედან მინდა ვუთხრა, მე თუ არა, ვინ უნდა იდგეს აქ? მე მჭირდება კარგი მომავალი, მე მჭირდება თავისუფალი ქვეყანა და წარმატებული ცხოვრება. მე ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ამ ყველაფრისთვის მე თვითონ ვიბრძოლო. ჩემს მშობლებს ეშინიათ, აქ რომ ვდგავარ და სახელმწიფოს ნაწილობრივ გამოსდის ეს, რომ საზოგადოებაში შიში დანერგოს. მაგრამ მე ვიცი, რომ ძალა სწორედ იმ ადამიანებშია, რომლებიც ასე მონდომებით იცავენ ქვეყანას და არა ცალკეულ ჩინოვნიკებში“. - მიმართა აქციის მონაწილებს მაკო გომურმა, რომელმაც 20-21 ივნისის ღამის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.
მაკო გომურის განცხადებით, ის დგას აქციაზე იმიტომ, რომ ერთიან და ძლიერ ქვეყანაში სურს ცხოვრება, სადაც გადამწყვეტი ადამიანების სიტყვა იქნება და არა ცალკეული ჩინოვნიკების სურვილები.
''არ მინდა რომ გაჩერდეს ეს მუხტი. მე დღეს აქ არ ვარ როგორც ადამიანი, რომელიც განეკუთვნება რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ჯანდაბაში წასულა პოლიტიკა. მე ვარ დღეს იმისთვის, რომ მქონდეს კარგი, ჯანსაღი მომავალი და მინდა ვიცხოვრო ერთიან ძლიერ ქვეყანაში, სადაც ადამიანების სიტყვა იქნება გადამწყვეტი და არა ერთეული ჩინოვნიკების,''- თქვა მაკო გომურმა.