''ქართული ოცნების'' მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე, რომელსაც მოქალაქე მერაბ ღოღობერიძე მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, პროკურატურაში გამოიკითხა.
საქმე მის მიერ მერაბ ღოღობერიძის მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხება. 25 ოქტომბერს, ღოღობერიძემ თქვა, რომ პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მუხრან ვახტანგაძემ მას აგინა. ვიდეო ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ისმის, რომ ღოღობერიძე თავად ურეკავს მამაკაცს, რომელიც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება. სატელეფონო საუბრის დროს ღოღობერიძე მამაკაცს სახელით მიმართავს, ტელეფონში კი ჩაწერილი ჰყავს, როგორც მუხრან ვახტანგაძე.
პარლამენტარმა მუხრან ვახტანგაძემ, ბრალდებას პროვოკაცია უწოდა. საზოგადოებას კი, მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა. პოსტი დეპუტატმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ვახტანგაძე აღნიშნავს, რომ მერაბ ღოღობერიძემ სატელეფონო საუბრის პირველი ნაწილი არ გამოაქვეყნა, რომლითაც ადამიანები ''მდგომარეობიდან გამოსვლის'' მიზეზს დაინახავდნენ.
გამოძიება 26 ოქტომბერს 151-ე, მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ვადით 120- დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
თავად მუხრან ვახტანგაძე საგამოძიებო უწყების მხრიდან დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობს. ამბობს, რომ მომხდარის შესახებ გამომძიებელს მოუყვა. პარლამენტის წევრი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.