"ამ სტუდენტებთან ურთერთობა იყო ძალიან რთული" - 31 წლის წინ სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული მიტროპოლიტი

06 ნოემბერი 2019, 16:58 1848 ნახვა

ზოსიმე შიოშვილი წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტია, რომელიც გუშინ, 5 ნოემბერს, სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

მას ბრალი ყოფილმა სტუდენტმა, ამჟამად საფრანგეთში სასულიერო პირმა, გიორგი სხილაძემ დასდო და თქვა, რომ 1988 წელს, თბილისის სემინარიაში, მიტროპოლიტი მის ნაცნობ სტუდენტს სექსუალურად ავიწროებდა, რის გამოც რექტორის თანამდებობიდან წასვლა მოუწია. 

ამის დასტურად, გიორგი სხილაძე დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი თანამდებობიდან წასვლის წერილს აწერს ხელს იმ პირობით, რომ უკან არასოდეს დაბრუნდება. (დოკუმენტის ავთენტურიბა დადგენილი არ არის) 

სავარაუდოდ ფაქტი 1988 წელს მოხდა, მედიაში გავრცელდა ამავე წელს დაწერილი, შევიწროვებული სტუდენტის წერილიც, რომელიც 31 წლის წინ მომხდარ სავარაუდო ფაქტებს დეტალურად აღწერდა. წერილში მოთხრობილ ისტორიაში იკვეთება ძალადობის ნიშნები.   

ზოსიმე შიოშვილმა დღეს განმარტებები გააკეთა, თქვა რომ 31 წლის წინ მომხდარ დაპირისპირება ანტისაბჭოთა გამოსვლას უკავშირდებოდა, მას სტუდენტები იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ნაცვლად, სემინარიაში სწავლის გაგრძელებას მკაცრად სთხოვდა.  რაც შეეხება სემინარიის დატოვებას, ამბობს რომ რექტორის აღარ იყო, თუმცა სემინარია არ დაუტოვებია. 

"იმ ხანებში, ეს 1988 წლის შემოდგომა იყო, დიდი პოლიტიკური არეულობა იყო ქვეყანაში. გამოსვლები იყო მთავრობის სახლის წინ.  სტუდენტების ნაწილი, ის სტუდენტები განსაკუთრებით, რომლებიც დღეს კადრულობენ რაღაცეებს, აქტიურად იყვნენ ამ მთავრობის სასახლესთან პროცესებში ჩ​ართულები. 

როცა ჩვენ მოვთხოვეთ მკაცრად სტუდენტებს, რომ სწავლის რეჟიმს დამორჩილებოდნენ, მკაცრად ემეცადინათ, ამან ისეთი აზრი შექმნა ზოგიერთებში, რომ ჩვენ გულგრილობას ვიჩენდით ეროვნული მოძრაობის მიმართ. 

ეს იყო თავი და თავი ყველაფრისა, ეს ახალგაზრდები სხვა სულით გამოირჩეოდნენ. აშკარად იგრძნობოდა, რომ  პროტესტი ექნებოდათ ეკლესიასთან, ასეთი სული ჰქონდათ მათ. რაც შეეხება ბრალდებას, ეს ყველაფერი აბსურდია, ტყუილია. ეს არის ანტიეკლესიური მოძრაობა. მე მივხვდი მაშინვე, რომ ესენი მარტო არ იყვნენ და მათთან ვიღაც, სხვა ძალა იდგა"- განაცხადა მეუფე ზოსიმემ. 

რატომ გააქტიურდნენ ისინი დღეს? 31 წლის შემდეგ? ჟურნალისტებს ეს კითხვა მეუფემ უკან შეუბრუნა. ფიქრობს, რომ დღეს რაღაც ძალის გააქტიურება, საეკლესიო ტახტის შესუსტებას უკავშირდება, თუმცა ეს ტახტი არ არის სუსტი. 

31 წელი ნახევარი ცხოვრებაა ადამიანის, ახლა რატომ? მაშინ ყველამ განიხილა ეს საკითხი, არა მხოლოდ პატრიაქმა, არამედ პედსაბჭომ, სამღვდელოებამ და დაადგინეს, რომ დარღვევა არ ყოფილა. ერთხმად ჩათვალეს, რომ ეს სტუდენტების მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ წასვლა იყო

წარმოიდგინეთ სტუდენტები, რომ შევარდებიან რექტორის კაბინეტში... მინდოდა, როგორმე ჩაგვეცხრო ეს ამბავი, ეს სხვა სულის ხალხი იყო, ამათ ეკლესიის მორჩილება კი არა, ეკლესიის დამორჩილება სურდათ. ამათ უნდოდათ მაშინაც შფოთის და დაძაბულობის შეტანა ეკლესიაში. მე ტკივილს დღემდე ვატარებ, ვერ გავთავისუფლდი... ძნელია, როცა სიკეთე გინდა და ამას იღებ სანაცვლოდ" - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

რაც შეეხება წერილს, რომელიც სავარაუდო სექსუალურ ძალადობის მსხვერპლმა გამოაქვეყნა. მეუფე ამბობს, რომ წერილის შესახებ მოუყვნენ და ის შეძრწუნდა.

"წერილზე შევძრწუნდი, ესენი მოქმედებენ რაღაც ძალების წაქეზებით... მას ზუსტად არ ახსოვს იმ სტუდენტის ვინაობა, ვინც წერილი დაწერა, თუმცა ამბობს, რომ სამი სტუდენტიდან, ალბათ, ერთ-ერთი იქნებოდა. 

მეუფე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით წერილის ავტორმა პატრიარქთან სინანული გამოთქვა. ზუსტად არ იცის ეს როგორ მოხდა, თუმცა იცის, რომ  ყოფილმა სტუდენტმა შეინანა მისი ქმედება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში