თუ ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავთ, ეს კი სამართალდამცველებმა ზედიზედ ორჯერ დააფიქსირეს, შეიძლება, მართვის მოწმობის ჩამორთმევასთან ერთად დაგაპატიმრონ კიდეც. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც ავტომობილის მფლობელი თუ მანქანას ნასვამი მართავს, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისადაც მოხდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანია - რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.