საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან "ამომრჩეველთა კავშირის" წევრებმა აქციას გამართეს. შეკრებილებმა, სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება მოითხოვეს, მათი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პარტიული ნიშნით არ უნდა კომპლექტდებოდეს და რიგითმა მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ.
აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების განსახილველად დღეიდან, 10 დღის განმავლობაში, სამეურვეო საბჭოს ვადამდელი სხდომის დანიშვნას ითხოვენ. მაუწყებლის შენობის წინ შეკრებილებმა ხუთი მოთხოვნა დააყენეს, მათ შორის „დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე გადაცემათა ციკლისთვის“ საეთერო დრო.
ასევე, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივები საზოგადოებრივი მაუწყებლის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გაათავისუფლოს გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე თანამდებობიდან, რადგან მათი თქმით, „მისი მმართველობის პირობებში ტელევიზიამ დაკარგა მაყურებელი და მკვეთრად დაეცა რეიტინგი“.