პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად, საკუთარი კვოტით, ზაზა რუხაძე წარუდგინა. უსუფაშვილის აპარატის ინფორმაციით, ზაზა რუხაძე სამართლის დოქტორია, რომელსაც გავლილი აქვს საკონსტიტუციო სამართლის კურსები ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. ის 2005 წლიდან დღემდე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში საქმიანობს, არის სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი და უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს - გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას - უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება. ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი - უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს.