ბათუმში, 8 სართულიანი შენობა ისე აშენდა, რომ მერიას ნებართვა არ ჰქონდა გაცემული. სახლი თავდადებულის #48 ნომერში, მერიასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს.
ადგილზე გამოკრული იყო სამშენებლო დაფა, სადაც მითითებულია, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემი ბათუმის მერიაა, ხოლო მშენებლობის დამკვეთი – თამარ როყვა. სახლის 8 სართული უკვე აშენებულია, მეცხრე სართულისთვის კი, ხიმინჯები გამზადებული ჰქონდათ.
ინფორმაცია გუშინ გაზეთმა „ბათუმელებმა“ გაავრცელა.
სახლის დემონტაჟი დღეს, 2 ოქტომბერს დაიწყო. სპეციალისტებმა მეცხრე სართულზე აშენებული რკინის ბოძები მოხსნეს. უკანონოდ აშენებულ სახლთან მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსიც იმყოფებოდა. მირიან მეტრეველმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ დემონტაჟი მერიის პრესტიჟის საქმეა.
''კომპანიამ დაახლოებით 2 თვის წინ მოგვმართა 5 სართულიანი სახლის აშენებასთან დაკავშირებით, რაზედაც უარი ეთქვა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია. ანუ უნდა წარმოედგინა უფრო დაბალი შენობა. შემდეგ წარმოადგინა 4 სართულიანი, მაგრამ მაინც უარი უთხრეს, რადგან მშენებლობა დაწყებული ჰქონდა. ერთ თვეში ააშენა 8 სართული და ფაქტის წინაშე ვდგევართ, ეს არის უნებართვო და მიმდინარეობს დემონტაჟი'' - ამბობს მეტრეველი.