აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა ელექტრონული განცხადებების მიღება დღეს, 24:00 საათზე სრულდება. უმაღლესი საბჭო ამ ეტაპზე სიას არ ასაჯაროებს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს მსურველთა ვინაობის გასაჯაროებლად 5 დღიანი ვადა აქვს.
''მთავარის'' ინფორმაციით, ამ ეტაპზე განაცხადი 18 პირს აქვს შეტანილი. მათ შორის არიან მაუწყებლის მოქმედი თანამშრომლები.
მრჩეველთა საბჭოს წევრობა სურთ: რაულ ბერიძეს, ფირუზ ბოლქვაძეს, თამილა დოლიძეს, ნანა ახვლედიანს, ირაკლი ანთიძეს, ლევან ქამადაძეს, სოსო სტურუას, სოფიო კობალაძეს, ევგენი თავდგირიძეს, დიანა ვაშაყმაძეს, გელა ღოღობერიძეს, რუსლან ბარამიძეს, ნიკოლოზ მეგრელიშვილს, არჩილ ხახუტაიშვილს, ნათია სირაბიძეს, გია ქარცივაძეს, ემზარ დიასამიძეს და ბეჟან გობაძეს.
ბეჟან გობაძე მრჩეველთა საბჭოს მოქმედი წევრია. იგი ბორდში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით მოხვდა.
ოთხ მრჩეველს - ნატა იმედაიშვილს, გიორგი ირემაძეს, ირაკლი დარცმელიძესა და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე კვირაში ეწურებათ. რაც შეეხება გიგა ჩხარტიშვილს, ის მრჩეველთა საბჭოს წევრად 2018 წლის 1 ნოემბერს აირჩიეს. შესარჩევი კონკურსი 27 აგვისტოს გამოცხადდა.
ორი კვოტა „ქართული ოცნების“ ფრაქციებს აქვთ. ერთ კანდიდატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელებს, ერთს კი, ფრაქციის მიღმა დარჩენილი დეპუტატები.