ძალიან დიდ კორტზე დღეს მესამე ჩოგანს შევეჯახები - მარიამ ბოლქვაძე მეტოქეზე

28 აგვისტო 2019, 12:23 3457 ნახვა

ბათუმელმა ჩოგბურთლმა მარიამ ბოლქვაძემ, რომელიც ამერიკის ღია პირველობის ტურნირზე გამოდის, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. 

ჩოგბურთელი ჟურნალისტ ქეთი ბოლქვაძეს ესაუბრა. 

მარიამ ბოლქვაძემ დღევანდელ მეტოქეზე, ტრავმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

ჟურნალისტი: მარიამ თავს როგორ გრძნობ, ტრავმა ხომ არ გაწუხებს?

მარიამ ბოლქვაძე: ძალიან ბევრი მესიჯი მომდის მობილურში და ყველა ჩემს გულშემატკივარს მინდა მადლობა გადავუხადო, ამდენი თბილი სიტყვებისთვის. 

რაც შეეხება ტრავმებს, რომ ვთქვა არ მაწუხებსთქო მოვიტყუები, მაგრამ მაგარი ფიზიოთერაპევტების გუნდი არის ტურნირზე და ყველანაირად ცდილობენ ტკივილების შემცირებაში ხელი შემიწყონ. 

ჟურნალისტი: როგორ შეაფასებთ კონკურენტს, რომელსაც ხვალ შეხვდები. ის მსოფლიოს მესამე ჩოგანია, რამდენად რთული მატჩი იქნება. (ავტ: ინტერვიუ გუშინ გვიან ღამით ჩაიწერა, მარიამი კი მსოფლიო მესამე ჩოგანს დღეს ხვდება.)

მარიამ ბოლქვაძე: ''თამაში რთული იქნება, მსოფლიოს მესამე ჩოგანს ვეთამაშები. ჩემთვის ეს ძალიან მაგარი გამოცდილება იქნება. მაინტერესებს როგორ გავუმკლავდები კაროლინა პლიშკოვას მაღალი ტემპით თამაშს. 

ყველა შეჯიბრებაზე ვცდილობ გავიდე და სიამოვნებისთვის ვითამაშო. რთულია ამ სპორტში ნერვუულობით  თავი დაისტრესო. არ მინდა დამავიწყდეს ის, რისთვისაც ვთამაშობ. ხვალინდელი შეხვედრა სწორედ ამის მაგალითია. ამდენი ხალხის წინ, ძალიან დიდ კორტზე, მესამე ჩოგანს შევეჯახები. 

ვცდილობ ყველა თამაშს ერთი და იგივე მენტალობით მივუდგე არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ტურნირი იქნება. მოტივირებული ვარ... ამ ტურნირმა თავდაჯერება ნამდვილად მომიმატა''. 

ამერიკის ღია პირველობის ტურნირზე, ბათუმელი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე მსოფლიოს მესამე ჩოგანს, კაროლინა პლიშკოვას დღეს შეხვდება. 21 წლის ქართველ ჩოგბურთელს ტრავმა აქვს. 

​თამაში საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი