სქოლიოზი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მოზარდებს აწუხებთ.
სქოლიოზი არის დაავადება, რომელსაც თან ახლავს ხერხემლის რკალისებური გადახრა ფრონტალურ სიბრტყეში და მალების შემობრუნება ვერტიკალური ღერძის გარშემო. მისი განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს კუნთოვანი ქსოვილის დარღვევა, ხერხემლის მალების ძვლოვანი ქსოვილის სისუსტე, მემკვიდრეობითი და ნევროგენული ფაქტორები.
დადგენილია, რომ არასწორი დგომა, ჯდომა, მძიმე ჩანთა უარყოფითად აისახება ამ პრობლემაზე.
ხერხემლის გამრუდების საწყისი თითქმის ყველა ბავშვს აქვს და მას კიდევ დიდ და არათანაბარ სიმძიმეს რომ ავკიდებთ, ეს ხერხემლის გადახრას იწვევს. ამიტომ აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება სწორედ სასკოლო ჩანთის შერჩევისას გაამახვილოთ.
საქართველოს სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს იწყება. რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლები სკოლისთვის უკვე აქტიურად ემზადებიან. საინტერესო ვიზუალთან ერთად, ჩანთა მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო უნდა იყოს.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სასკოლო ჩანთა? რა უნდა გაითვალისწინოთ მისი შერჩევისას? პედიატრებისა და ორთოპედების რეკომენდაციები შემდეგია:
➤ სკოლის ჩანთას აუცილებლად ზურგჩანთის ფორმა უნდა ჰქონდეს, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ხერხემლის გამრუდება. ზურგჩანთის სამხრეები მის სიმძიმეს აბალანსებს, გარდა ამისა, ბავშვს ორივე ხელი თავისუფალი აქვს.
➤ ცარიელი ჩანთა 700-800 გრამზე მეტს არ უნდა იწონიდეს. მოსწავლემ ჩანთით უნდა ატაროს წიგნები, რვეულები, პენალი და ა.შ. ამიტომ ცარიელი ჩანთა თუ უკვე მძიმე იქნება.
➤ მნიშვნელოვანია ჩანთის ზომაც. სპეციალისტების აზრით, ჩანთის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის მხრების სიგანეს.
➤ სასურველია ისეთი სასკოლო ზურგჩანთის შერჩევა, რომლის ზურგის ნაწილიც ორთოპედიული იქნება. ასეთი ჩანთის შემთხვევაში, ბავშვის ხერხემალზე ნაკლები დატვირთვა მოდის.
➤ კარგი ხარისხის ზურგჩანთა სიმძიმის ჩალაგებისას არ უნდა დეფორმირდებოდეს. არ უნდა ტკენდეს მხრებს და არ უნდა იწვევდეს დისკომფორტს.
➤ სასურველია ჩანთას რამდენიმე განყოფილება და უჯრა უნდა ჰქონდეს. ეს დაგეხმარებათ, წიგნები და რვეულები ზურგჩანთაში თანაბრად გადაანაწილოთ.
➤ როდესაც ჩანთის საზურგეს გარედან ნაჭერი აქვს გადაკრული, ბავშვი ნაკლებად ოფლიანდება.
➤ სასურველია სკოლის მოსწავლისთვის ისეთი ზურგჩანთა შეარჩიოთ, რომელიც ნატურალური ქსოვილისგან იქნება შეკერილი. ამის დადგენა ძალიან მარტივია. ჩანთას სუფთა ნაჭერი გადაუსვით და გაწმინდეთ, თუ ნაჭერზე ფერი არ გადავიდა, ჩანთა არც ბავშვის ტანსაცმელს დასვრის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დამზადებისთვის საშიში საღებავი არავის გამოუყენებია