2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება.
საგარეო საქმეთა სამინსიტროში ამბობენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.
„საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ასევე, კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და უსაფრთხოების არსებულ გარემოს“- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.