პროკურატურა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა მელიას და მისი ადვოკატის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ,დაცვის მხარის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ვიდეო მასალა რეალურად არის, დაცვის მხარისთვის სასარგებლო ინტერპრეტაცია და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.
“ვიდეო მასალა, რომელიც უტყუარად ადასტურებს ნიკანორ მელიას ბრალეულობას, მოიპოვა ბრალდების მხარემ და კანონის მოთხოვნათა დაცვით გადასცა დაცვის მხარეს. დაცვის მხარემ მასზე დაყრდნობით შექმნა ვიდეო მასალის საკუთარი ვერსია და მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას"-განმარტავენ საქართველოს პროკურატურაში.
საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ ნიკანორ მელია ვიდეოში გამოყენებულ ფრაზებს დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად იყენებდა.
"ვიდეო მტკიცებულების სრული ვერსიის დეტალური ანალიზის შედეგად ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობდა ნიკანორ მელია, პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით განხორციელებული ძალადობრივი აქტისთვის მოჩვენებითად მიეცა მშვიდობიანი ხასიათი, რაც მას, სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის აცილების მიზნით სჭირდებოდა. ნიკანორ მელია, რეალური დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად, პერიოდულად იყენებდა ისეთ მოწოდებებს, როგორიცაა ,,ჩვენ უნდა შევიდეთ, მშვიდობიანად, ხელებაწეულები პარლამენტის შენობაში“ და ასე შემდეგ. ამავე მიზანს ემსახურებოდა ნიკანორ მელიას მოჩვენებითი მზაობა, მოლაპარაკების გზით ამოეწურა კონფლიქტი, რადგან ამ მშვიდობიანი მოწოდების პარალელურად მოძალადეებმა რამდენიმე ადგილას მოახერხეს პოლიციური კორდონის გარღვევა, რასაც მოჰყვა კიდეც პოლიციელთა მხრიდან მოძალადეთა მოგერიების მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენება"-ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკანორ მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურაში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება. ამ დროისთვის გამოკითხულია 80-მდე პირი. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
„საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ამ ეტაპზე გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 230-მდე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გრძელდება მტკიცებულებების, მათ შორის პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებისა და სხვა ნივთების ამოღება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.“
პროკურატურაში ამბობენ, რომ რეაგირების გარეშე არ დარჩება გამოძიების დისკრედიტაციის არც ერთი მცდელობა და დადგინდება ყველა იმ პირის ბრალეულობა რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობას და მონაწილეობდნენ მასში პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით.
პროკურატურის განცხადება იხილეთ სრულად.