პრეზიდენტზე გადაწყვეტილება მიღებულია ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, ეს არის დემოკრატიული და ნიშნავს, რომ მოსამართლეები არ არიან შეზღუდული აზრის გამოხატვაში - მერაბ ტურავა

16 ოქტომბერი 2023, 22:09 746 ნახვა

ის, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული ექვსი სამის წინააღმდეგ, ეს არის სრულიად დემოკრატიული და ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეები არ არიან შეზღუდული თავიანთი აზრის გამოხატვაში.ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ განაცხადა.

„ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება ასე, რომ სასამართლო ერთხმად კი არ იღებს გადაწყვეტილებას, ცხრავე ერთ პოზიციაზე კი არ დგას, იგივე ევროპული ქვეყნები, იგივე აშშ, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება სასამართლოების მიერ, ყოველთვის არის ხმათა უმრავლესობით და არა ერთი პოზიციით მიღებული გადაწყვეტილება“,- განაცხადა ტურავამ.

ტურავას თქმით, ყველა ადამიანს შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამასთან, ტურავა აცხადებს, რომ მოქალაქეებმა კრიტიკული შენიშვნები მას შემდეგ უნდა გამოთქვან, რაც გადაწყვეტილებას წაიკითხავენ.

„ყველა ადამიანს და ადამიანთა ჯგუფებს შეუძლიათ, ჰქონდეთ თავიანთი პოზიცია. რა თქმა უნდა, ასეთი აზრი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს არ არის სწორი პოზიცია, რადგან იმ ადამიანებს, რომლებიც გამოხატავენ კრიტიკას, ჯერ გადაწყვეტილება არა აქვთ წაკითხული. ჯერ გადაწყვეტილება უნდა წაიკითხონ, განსხვავებულ აზრს უნდა გაეცნონ და ამის შემდეგ უნდა გამოთქვან კრიტიკული შენიშვნები“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

როგოც ტურავამ განაცხადა, სასამართლომ  სამართლებრივად დასაბუთებული, კონსტიტუციის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

„რამდენიმე საათია, უკვე გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართოს გადაწყვეტილება, რომელიც 60 გვერდისაგან შედგება. ეს გადაწყვეტილება არის სტრუქტურულად და შინაარსობრივად კარგად ჩამოყალიბებული. იქ არის ყველა არგუმენტი, ყველანაირი პოზიცია, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციურობას ასაბუთებს.

ჩვენ არ გვჭირდება არავისი ზეწოლა და ზემოქმედება, ვიცით, რა არის კონსტიტუციური და რა არის არაკონსტიტუციური, კონსტიტუციური-არაკონსტიტუციურის მიხედვით ვღებულობთ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ ვითვალისწინებთ არავის აზრს, მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, კონსტიტუციურია თუ არაკოსტიტუციური.

ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ სამართლებრივი, სამართლებრივად დასაბუთებული, კონსტიტუციის შესაბამისი“,- განაცხადა მერაბ ტურავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში