აუდიტის სამსახურის შესახებ კანონპროექტის განხილვა უმაღლეს საბჭოში დროებით შეჩერებულია. მიზეზად დოკუმენტზე დამატებითი მსჯელობის საჭიროება დასახელდა. დოკუმენტის გარდა დეპუტატთა ნაწილი აკრიტიკებს აუდიტის დეპარტამენტის უფროსს კახაბერ კირტავასაც, რომელიც ამ თანამდებობაზე 8 წელია მოვალეობის შემსრულებელია, იმ მიზეზით, რომ უმაღლესმა საბჭომ უკვე ორჯერ არ მოიწონა მისი კანდიდატურა.
ოპოზიციასა და პოზიციას კირტავასთან განსხვავებული შენიშვნები აქვთ, თუმცა მსგავსია მხარეების მოსაზრებები აუდიტის დასკვნების ობიექტურობის შესახებ, ასევე იმაზეც, რომ კახაბერ კირტავას მუშაობის პერიოდს უკავშირდება აჭარაში ბოლო დროს ხმაურიანი აუდიტის დასკვნები. არ არის გამორიცხული სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საკანონმდებლო ორგანოს კირტავას კანდიდატურა კიდევ ერთხელ წარუდგინოს.