''ვითარება ჩვეულ კალაპოტს უნდა დაუბრუნდეს'' - პეტიცია დავით გარეჯის შესახებ

28 მაისი 2019, 15:38 1723 ნახვა

დავით გარეჯთან დაკავშირებულ პეტიცია შეიქმნა. მისი ადრესატი საქართველოს პარლამენტი და ასევე  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. 

პეტიციაში წერია, რომ დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ხელმომწერებს არასწორად მიაჩნიათ ''შეუსაბამო'' და ''ურთიერთობათა დამაზიანებელი'' აქციები აზერბაიჯანის საზღვართან, რომელსაც მათივე თქმით, საქართველოს მოქალაქეთა მცირე ნაწილი აწყობს.

''საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია კეთილმეზობლური ურთიერთობა როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფოებს, ისე აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის.

კარგად ვიცნობიერებთ, რომ არა მხოლოდ პარტნიორები ვართ, არამედ ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტები დაკავშირებულია ერთმანეთთან.

ვიცით და გვახსოვს, რომ ჩვენი ქვეყნები საერთაშორისო სისტემაში აღიარეს იმ საზღვრებით, რომელიც ორივე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სსრკ-ის შემადგენლობაში არსებობისას ჰქონდა  და ამ  საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება არანაირი თვალსაზრისით არ არის გამართლებული. 

მომხრენი ვართ, დავაცხროთ ვნებები და ვითარება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, საიდანაც ის ზოგიერთი ოფიციალური და კერძო პირის განცხადებებმა გამოიყვანა.

ჩვენი კულტურული იდენტობა წარმოუდგენელია დავით გარეჯის გარეშე. ასევე წარმოუდგენელი და მიუღებელია ურთიერთობათა წახდენა მეზობელ და მეგობარ ქვეყანასთან,

ვულოცავთ აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღეს – 28 მაისს'' - წერია პეტიციაში. 

ინიციატორი ჟურნალისტი დავით პაიჭაძეა. სულ 882 ხელმოწერაა საჭირო, ამ ეტაპზე კი (15:40) პეტიციაზე 118 ხელმოწერა ფიქსირდება. 

დღეს, 28 მაისს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქცია "გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია" გაიმართა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში