თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

26 მაისი 2019, 22:26 2379 ნახვა

"თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით," - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, თურქეთის თავდაცვის მინისტრი, რომელიც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩამოვიდა, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

ჰულუსი აქარმა მამუკა ბახტაძეს 26 მაისი მიულოცა და საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. "განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა.

ხაზი გაესვა  თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას  საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში. აღინიშნა ამ კუთხით საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივას" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში