ენმ: დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე მთავრობის თავმჯდომარემ წააქეზა

14 მაისი 2019, 11:22 2450 ნახვა

 

"საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ხულოდან, ანზორ ბოლქვაძე მთავრობის თავმჯდომარემ წააქეზა," - განცხადება ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონლური მოძრაობის" წევრმა, ხათუნა ბერიძემ გააკეთა. ხათუნა ბერიძე, სწორედ ის აქტივისტია, რომელსაც ხულოს სასტუმროს ნომრიდან აძევებდნენ. 

7 მაისს, სასტუმრო ხულოში ინციდენტი მოხდა. პარლამენტის დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, საკუთარი სასტუმროს ნომრის დატოვებას ორ მოქალაქეს სთხოვდა. მოქალაქეები ამტკიცებდნენ, რომ მათ პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნიდნენ. 

"ჩემდა სამწუხაროდ მოხდა ინციდენტი სასტუმრო ,,ხულო” -ში , სადაც დავბინავდი 7 მაისს, რაც დასტურდება გადახდის ქვითრითა და ინვოისით, ხოლო სასადილო ოთახში , რომელიც იყო ჩემი სასტუმროს ნომრის მოპირდაპირედ, ქეიფობდნენ ხულოს მერობის კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე, აჭ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქ.პარლამენტის უმრავლესობის წევრი - ანზორ ბოლქვაძე და ქართული ოცნების სხვა წევრები. მათი გაღიზიანება გამოიწვია ჩემმა სასტუმროში გამოჩენამ, რადგან რამდენიმე საათით ადრე ვიმყოფებოდი, ენმ ის წევრებთან ერთად, რომლებიც იღებდნენ, მეხანძრეებისთვის ფორმების გადაცემის ღონისძიებას. თორნიკე რიჟვაძემ, დასცინა ენმ ერთ ერთ წევრს, რომ სახანძროში დააწყებინებდა მუშაობას, რაც იყო მეხანძრეების შეურაცხყოფა. შეხვედრაზე დაისვა კითხვა - რატომ დაიგვიანეს 4 საათით და რატომ ალოდინეს სიცხეში მეხანძრეები, რატომ გადასცეს ზამთარში შეძენილი ფორმა ახლა და ხომ არ უკავშირდებოდა ეს არჩევნებს. ოფიციალური პირები გაბრაზებულები ავიდნენ სასტუმროში, დათვრნენ. თორნიკე რიჟვაძემ წასვლის წინ თქვა, ''ანზორ რეებს გიბედავენ, მიხედე მე რომ წავალ," -  ხათუნა ბერიძე ამტკიცებს, რომ ეს დიალოგი შედგა მთავრობის თავმჯდომარესა და პარლამენტის დეპუტატს შორის. 

ანზორ ბოლქვაძემ ფაქტის შეფასებაზე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უარი უთხრა.   დავუკავშირდით აჭარის მთავრობის პრესსამსახურსაც,  საკითხზე რა კომენტარი გაკეთდება, მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

პოლიციამ საქმეზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. ოპოზიციური პარტიის წევრი მიიჩნევს, რომ გამოძიება შეფერხებულია და სამართლებრივი ქმედებები არ ხორციელდება. 

"მინდა მადლობა გადავუხადო ხულოს პოლიციის თანამშრომლებს სწრაფი რეაგირებისა და მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის, თუმცა პროცესები მართულია შ.ს.მინისტრის გახარიას მიერ, რადგან საქმე ეხება პარლამენტის წევრს და მის თანაგუნდელებს. გავიდა ზუსტად ერთი კვირა და ამ დრომდე არავინ დაკითხულა ამ საქმის გარშემო , ისიც კი არ არის ცნობილი , 7 მაისს თუ შემოწმდა ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე , ანზორ ბოლქვაძე და მასთან ერთად მყოფი პირები" - ამბობს ხათუნა ბერიძე და სამართალდამცველებს გამოძიების დაჩქარებას სთხოვს. 

ხულოს სასტუმროს ნომრის დატოვებას, ხათუნა ბერიძეს დეპუტატთან ერთად, ბათუმის მერიის თანამშრომელი თემურ ხასია და ქართული ოცნების აქტივისტრი მთიულო შაინიძეც სთხოვდნენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში