რატომ ემიჯნება 103 თანამშრომელი მაუწყებლის დირექციის განცხადებას?

18 აპრილი 2019, 00:00 2797 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 100-ზე მეტმა თანამშრომელმა მოაწერა ხელი წერილს, რომლითაც ისინი მრჩეველთა საბჭოს მიმართავენ. თანამშრომელთა ნაწილი ემიჯნება მაუწყებლის სახელით გაკეთებულ განცხადებას, დირექტორის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ საკითხებზე.  

ამბობენ, რომ  მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკურ ნიშნულს არ ატარებს და დირექტორის უნდობლობის საკითხი არ უქმნის საფრთხეს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას.


განახლება: 21:00 საათის საინფორმაციო გამოშვება - სიუჟეტი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას მრჩეველთა საბჭო ხვალ 13 საათიდან დაიწყებს - დაგეგმილია ორი ინიციატორის პოზიციის და საპასუხო არგუმენტების მოსმენა. ცნობილია, რომ სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. ასევე ცნობილია, ისიც რომ ხვალ „ახალი ამბების“ სამსახურის 13 ოპერატორი აპირებს გაფიცვას.

საკითხის განხილვამდე ერთი დღით ადრე დირექტორის წინააღმდეგ ბრიფინგი გამართეს მაუწყებლის იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც გუშინ განცხადება შეიტანეს მრჩეველთა საბჭოში. საუბარია 103 თანამშრომელზე, მათ შორის არიან სამსახურების ხელმძღვანელები. არ არიან ტელევიზიის „ახალი ამბების“ ჟურნალისტები. ხელმომწერები ამბობენ, რომ ემიჯნებიან ტელევიზიის სახელით გამოქვეყნებულ წერილს.

ირწმუნებიან,რომ ხედავენ მართვაში არსებულ ხარვეზებს. პრეტენზიები აქვთ შრომის ანაზღაურების სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა მხოლოდ ნათია კაპანაძის დამსახურება არ არის. განცხადება გაავრცელეს ყოფილმა თანამშრომლებმაც. საპასუხო კომენტარი მაუწყებელში დღეს არ გაკეთებულა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი