დაგვპირდნენ სახლებს გამოვისყიდითო, მაგრამ მოგვატყუეს - წალკაში ჩასახლებულების აქცია

17 აპრილი 2019, 00:00 1702 ნახვა

დაგვპირდნენ სახლებს გამოვისყიდითო, მაგრამ მოგვატყუეს - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ალექსანდრე ირემაძემ, რომელიც აჭარიდან წალკაში, 12 წლის წინ ჩასახლდა. მას ეკომიგრანტის სტატუსი აქვს. დღეს თანასოფლელებთან და მეგობრებთან ერთად აქციაზე მივიდა. შეკრებილები ითხოვენ ხელისუფლებამ დანაპირები შეასრულოს და ჩასახლებულებს სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონების პროცესში დაეხმაროს. 

''მთავარი მოთხოვნაა დავფუძვნდეთ წალკის ტერიტორიაზე. ბერძენი ხალხი არაფერ შუაშია, ისინი დამნაშავეები არ არიან, ეს ნაკვეთები სახელმწიფომ უნდა შეისყიდოს. მთავრობა შეგვპირდა შესყიდვას, მაგრამ მოგვატყუა. წლების წინ, ბათუმში, ერას მოედანზე აქციებს ვმართავდით, მაშინ ბატონი ივანიშვილი ჩამობრძანდა, შეგვხვდა და შეგვპირდა შესყიდვას. დაგვიკანონონ მიწები, ჩვენ საშუალება გვექნება დავამუშაოთ, მოიყვანონ პროდუქტი და ბაზარზე გავყიდოთ. ამით ბაზარსაც ეშველება და ჩვენც. კარტოფილის ფასიც უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ახლა არის. ჩვენ არც სახლი გვაქვს და არც მიწა, რა გავაკეთოთ?'' - ამბობს ალექსანდრე ირემაძე. 

მისი თქმით, წალკაში ჩასახლებული ასობით ოჯახი ხელისუფლებას გარკვეულ ვადას აძლევს, შემდეგ კი უკვე საპროტესტო აქციები დედაქალაქში გადაინაცვლებს. 

''ეკომიგრანტის სტატუსსაც ვითხოვთ, საქართველოს მთავრობისგან და აჭარის მთავრობისგან. ჩვენ ხელისუფლებას ვაძლევთ გარკვეულ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენივე პირუტყვით პარლამენტის წინ ჩავალთ. თუ შედეგს ვერ მივაღწევთ ისევ აჭარაში დავბრუნდებით. ადრე აჭარის მთავრობასთანაც გვქონდა შეხვედრები და კონსულტაციები, გვითხრეს ოღონდ თქვენ დაბრუნდით წალკაშიო და ყველა პრობლემას მოგიგვარებთო. სახლებსაც შეგისყიდით და მიწებსაც გამოგიყოფთო'' - უყვება მაუწყებელს აქციის ერთ-ერთი მონაწილე და საინიციატივო ჯგუფი წევრი. 

მოქალაქეები სამთავრობო კომისიის შექმნასაც ითხოვენ, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს. 

მაღალმთიანი აჭარიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, წლების განმავლობაში 9 ათას ოჯახზე მეტი, დაახლოებით, 40 ათასი ადამიანი გაასახლეს. ისინი სტიქიური უბედურების დროს დაზარალდნენ და საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. 

ეკომიგრანტების პრობლემის მოსაგვარებლად, გუშინ საქართველოს პრემიერ მინისტრს, დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ მიმართა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი