მაჭახლის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები პოლიციაში დაიბარეს 

02 აპრილი 2019, 00:00 1670 ნახვა

მაჭახლის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე 4 მოქალაქე პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა. 

ამის შესხებ ინფორმაცია საინიციატივო ჯგუფმა ''მაჭახლის ხეობა ჰესების გარეშე" გაავრცელა: "ჩვენ როგორც კულტურულმა საზოგადოებამ მშვიდობიანად მივიღეთ კომპანიის წევრები და ვთხოვეთ არ გვსურს ჰესები და ნუ აგვიშენებთო, თუმცა ზოგს პატივისცემა წყენსო ამბობენ და აი, ჩვენო ძვირფასო გულშემატკივრებო. მშენებელმა კომპანიამ მიმართა პოლიციას და პროკურატურას, ჩვენი ბიჭები დაბარებულები არიან პოლიციაში...  ძალა ხალხშია. პოლიციამ უნდა დაგვიცვას ჩვენ და არა ლევან ბაკურიძე". 

მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე რაულ მალაყმაძე ამბობს, რომ სოფელ ქედქედში  მცხოვრები 4 მოქალაქე  პოლიციაში დღეისთვის იყვნენ დაბარებულები, თუმცა არ გამოცხადნენ. 

პოლიციაში დაბარებამდე, მოქალაქეებმა ინვესტორს ტერიტორიაზე ტოპოგრაფიული საპროექტო სამუშაოების გაკეთების საშუალება არ მისცეს, თუმცა როინ მალაყმაძე ამბობს, რომ ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია და ადგილზე პოლიციაც იყო მისული. 

"სამი დღის წინ დამირეკა კომპანია ერთ-ერთი ​ჰესის წარმომადგენელმა ლევან ბაკურიძემ და დამემუქრა, რომ ჩვენს წინააღმდეგ საჩივრებს შეიტანდა პოლიციასა და პროკურატურაში.  ეს არის მოსახლეობის დაშინების, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აკიდების მცდელობა,  ასე იქცეოდა პოლიცია და ინვესტორები რაჭაში, სვანეთში, პანკისში, სადაც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იყო. ეს მეთოდია ერთგვარი დაშინების, ამიტომ კანონის ფარგლებში, 4 დაბარებული პირი არ მივიდა დღეს დაკითხვაზე, თუ უნდა კითხონ რაიმე, იქ მთელი სოფელი ვიყავით იქ და ​ერთად გამოგვკითხონ, ერთად ვაგებთ პასუხს ჩვენს პოზიციაზე" - განაცხადა როინ მალაყმაძემ

მისი ინფორმაციით, ხვალ მთელი მოძრაობა აპირებს მივიდეს ხელვაჩაურის პოლიციაში.

სოფელ ქედქედში მცირე ზომის ჰესის მშენებლობას კომპანია  "ბიჯით ტრეიდი" გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი ლევან ბაკურიძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ მათ პოლიციისთვის არ მიუმართავთ, თუმცა თუ გაგრძელდება სამუშაოების ჩატარებაში ხელშეშლის ფაქტები, აუცილებლად მიმართავენ სამართალდამცველებს. 

"ტოპოგრაფიულ სამუშაოებს როცა ვაწარმოებდით მაშინ იყო ხელშეშლა, იქეთ გვემუქრებოდნენ მოქალაქეები, თუმცა მუშტიკრივს ხომ ვერ გავმართავთ? ერთადერთი რაც გავაკეთეთ, ვთხოვეთ სამართალდამცველებს, რომ კანონმდებლობით გვაქვს უფლება დავიწყოთ სამუშაოები და უზრუნველყავითო" - აცხადებს ლევან ბაკურიძე და კატეგორიულად უარყოფს რაიმე ტიპის მუქარას. 

"სად მაქვს ორი თავი დავემუქრო როინ მალაყმაძეს, იქეთ დამიბარებენ პოლიციაში მუქარისთვის. არ გამიკვირდება. ასეთ რაღაცებს მე არ ვაკეთებ. პირიქით, ჩვენ მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ" - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 

მოლაპარაკებების პროცესში იურისტი გიორგი ხიმშიაშვილია ჩართული, რომელიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ  როინ მალაყმაძესთან შეხვედრა ორი დღის წინ ჰქონდა. 

" სოფელ ქედქედში მცირე ზომის ჰესი შენდება, ამიტომ ჩავერთე როგორც მედიატორი პროცესში. ვესაუბრე როინ მალაყმაძესაც და მათ ამ მცირე ზომის ჰესის მშენებლობაზე წინააღმდეგობა არ აქვთ, თუმცა ხეობაში სხვა კომპანიების დიდი ჰესების მშენებლობა არ სურთ და  წინააღმდეგობის კამპანიაში ესეც მოექცა" - განაცხადა ხიმშიაშვილმა. ისიც ადასტურებს, რომ კომპანიას არ მიუმართავს პოლიციისთვის ხელშეშლის ფაქტზე. ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნის აზრი იკარგება. 

იურისტი ვარაუდობს, რომ პოლიცია სტანდარტულ პროცედურას ატარებს, რომელიც 112-ში შესული შეტყობინების შემდეგ ფაქტზე მოქალაქეების გამოკითხვას ითვალისწინებს. 

შსს ინფორმაციით, წინასაგამოძიებო მოქმედებები ჰესის წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომლებიც სამუშობის ხელშეშლის თაობაზე საუბრობდნენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი